უზენაესში მოსამართლეების დანიშვნის პროცესის არ იყო საკმარისად სამართლიანი და სანდო - ოდირის ანგარიში

პუბლიკა

„საქართველოს უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების დანიშვნის პროცესის არ იყო საკმარისად სამართლიანი და სანდო, თუმცა, პროცედურულად, ძირითადად, გამართულად ჩატარდა“, – ამის შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საბოლოო მონიტორინგის ანგარიშშია აღნიშნული.

დღეს გამოქვეყნებული საბოლოო მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა წარდგენის პროცესთან დაკავშირებული მთელი რიგი პოზიტიური სამართლებრივი  ცვლილებების მიუხედავად, პარლამენტის მიერ განხორციელებული დანიშვნის პროცედურის ეტაპი კვლავინდებურად არ ითვალისწინებს საკმარის სამართლებრივ გარანტიებს, რაც უარყოფითად აისახება მთლიანი პროცესის სამართლიანობასა და სანდოობაზე.

„გადაწყვეტილებამ, დანიშვნის პროცესის გაგრძელების შესახებ, მაშინ როდესაც მას აკლდა ინკლუზიურობა და ეწინააღმდეგებოდა უკვე მიღწეულ შეთანხმებას პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, რისკის ქვეშ დააყენა მისი სანდოობა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემისადმი საკმაოდ დაბალია“, აღნიშნა ODIHR-ის დირექტორმა მატეო მეკაჩიმ.

მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, იზრუნოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებაზე ფართომასშტაბიანი რეფორმების გატარების მეშვეობით.

„დანიშვნის პროცესი, რომელსაც ODIHR-მა გასულ თვეში გაუწია მონიტორინგი, წარიმართა რთულ პოლიტიკურ გარემოში და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატების შერჩევის პროცესისადმი საზოგადოებრივი კრიტიკის ფონზე. პროცედურის  საბოლოო ეტაპის შედეგად დაინიშნა ექვსი ახალი მოსამართლე. საგულისხმოა, რომ ეს დასკვნითი ეტაპი წარიმართა აპრილში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების მიუხედავად, რომლის თანახმად, წარდგენისა და დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერებულიყო. ასევე, პროცესში არ მონაწილეობდა ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა, სახალხო დამცველი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია“, – აღნიშნულია მონიტორინგის ანგარიშში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ დადებით შეფასებას იმსახურებს პარლამენტში კანდიდატების მოსმენების პროცესი. დოკუმენტის მიხედვით, კანდიდატებს უსვამდნენ რთულ შეკითხვებს მთელ რიგ აქტუალურ თემებზე.

„ამასთანავე, მოსმენები კარგად იყო ორგანიზებული და წარიმართა მშვიდ გარემოში, უზრუნველყოფილი იყო პროცესის და წარდგენილი კანდიდატების საზოგადოებრივი შეფასების შესაძლებლობაც. ამის მიუხედავად, საბოლოო კენჭისყრა გაიმართა კანდიდატების დამსახურების შესახებ პლენარული მსჯელობის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება პარლამენტის რეგლამენტს. ამას გარდა, კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტი კვლავ სარგებლობს სრული დისკრეციული უფლებამოსილებით დასაბუთების გარეშე დანიშნოს ან უკუაგდოს ნებისმიერი წარდგენილი კანდიდატი, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და კარგ პრაქტიკას, ისევე, როგორც ODIHR-ის მიერ მანამდე გაცემულ რეკომენდაციებს“, – აღნიშნავს ოდირი.

ოდირი ასევე აღნიშნავს, რომ დანიშნული ექვსივე მოსამართლე მამაკაცია, იმის მიუხედავად, რომ კანდიდატების 38 პროცენტი და ორი ცხრა წარდგენილი კანდიდატიდან იყო ქალი – „აღნიშნული ხაზგასმით მეტყველებს იმ საჭიროებაზე, რომ საქართველომ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გაიღოს ქვეყანაში გენდერული თანასწორობისა და მართლმსაჯულების სისტემის ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად“.


ODIHR-მა მონიტორინგი განახორციელა საქართველოს სახალხო დამცველის მოწვევის საფუძველზე. გუნდმა მონიტორინგი გაუწია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყველა კანდიდატთან ჩატარებულ გასაუბრებებს, ისევე, როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარდგენილ კანდიდატთა მოსმენებს და ნომინირებული კანდიდატების საბოლოო კენჭისყრას პარლამენტში.

დღევანდელ ანგარიშამდე, უზენაეს სასამართლოში დანიშვნების პროცესთან დაკავშირებული შეფასებები გამოქვეყნებულია 2019 წლის სექტემბერში2020 წლის იანვარსა და 2021 წლის ივლისში.