„ვაკის პარკი ისევ ჩვენი დასაცავია“ - ვაკის პარკთან აქცია გაიმართა

პუბლიკა

დღეს ვაკის პარკთან „პარტიზანული მებაღეობის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ რესტორან „ბუდაპეშტის“ ტერიტორია ოფიციალურად შეუერთდეს ვაკის პარკის ტერიტორიას. ისინი მოუწოდებენ თბილისის მერიას, დროულად მოაგვაროს მოლაპარაკებები ინვესტორთან.

„საზოგადოებას სჭირდება პარკი და არაფერი მეტი ამ ადგილზე! ასევე მოვითხოვთ: დასრულდეს გაუთავებელი რეაბილიტაციების გამო პარკების დახურვა დამსვენებლებისთვის და თუკი აუცილებლად აპირებთ პარკის ხარჯზე ფულით ჯიბეები ამოივსოთ, კეთილი ინებეთ და სექციებად დაყავით, ნუ გვიზღუდავთ ერთადერთ გასართობს – პარკში სეირნობას“, – აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები.

როგორც „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენელი ნატა ფერაძე აცხადებს, აღნიშნულ მოთხოვნებს პეტიციის სახით წარადგენენ თბილისის მერიაში. დედაქალაქის მთავრობის მხრიდან მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი აქციის გამართვა 21 მარტს თბილისის მერიასთან იგეგმება.


რა ხდება ვაკის პარკში

15 თებერვალს ვაკის პარკში, სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობისთვის კომპანიამ ტერიტორიის მოსუფთავება დაიწყო. მძიმე ტექნიკა პარკში დილით გამოჩნდა. სასტუმროს მფლობელმა გოგა ზაქაიძემ განაცხადა, რომ ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით მერიასთან შეხვედრები ჰქონდა, მაგრამ ღირებული ან ადეკვატური შეთავაზება ვერ მიიღო.

მერიის ზედამხედველობის სამსახურმა კი ზაქაიძეს გონივრული ვადა მისცა იმისთვის, რომ შეჩერდეს ვაკის პარკში დაწყებული სამუშაოები. მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი მას მერიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის მოწყობას დაჰპირდა.

2019 წლის 25 იანვარს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ: „ვაკის პარკმა გაიმარჯვა და ამ კონკრეტულ ადგილზე არაფერი აშენდება“.

მანამდე კი უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით „მწვანე ალტერნატივის” საკასაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო.

უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს  გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაუქმდა გადაწყვეტილება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის შეჩერების შესახებ. 

საქალაქო სასამართლოს ბათილად ჰქონდა ცნობილი განკარგულება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისათვის სპეციალური ზონალური ნებართვის გაცემის შესახებ.

„თითქმის 5-წლიანი სასამართლო დავის შედეგად ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მერის, გიგი უგულავას 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულება, რომლითაც ქ. თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზ. #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დაამტკიცდა. ასევე, არ გაუქმდა არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 სექტემბრის #909795 ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, თუმცა ბრძანების მოქმედების ვადა 2016 წლის 21 სექტემბერს ამოიწურა”, – წერდა „მწვანე ალტერნატივა”.