ვაქცინაციის პროცესი მხოლოდ მრავალპროფილურ სტაციონარებში გაგრძელდება - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, პროცესი გაგრძელდება მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე.

„ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება. ვაქცინაციის პროგრამაში მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე გუშინ ექსპერტების რეკომენდაციით, სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში ისევე, როგორც ეს იყო „ფაიზერის“ ვაქცინისთვის მომზადებული, გაგრძელდეს მრავლპროფილური სტაციონარების დონეზე.

გუშინდელმა შემთხვევამ დაგვანახა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩარევა შესრულდა დროულად და ერთი წუთი არ დაკარგულა ტრანსპორტირებისთვის, რადგან იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება და პაციენტს იქვე ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები. მაგრამ იმ რისკების გათვალისწინებით, რომ ანაფილაქსიური რეაქცია თეორიულად შესაძლებელია და უკავშირდება ვაქცინაციის პროცესს, ამ პროცესის გაგრძელება მაინც უფრო უსაფრთხოა მრავალპროფილულ კლინიკებში. ამდენად ყველა ის ჯავშანი, რომელიც ჩვენს კოლეგებს ჰქონდათ გაკეთებული ამბულატორიულ დაწესებულებებში, დღეს შეიცვალა და მათი გადანაწილება მოხდება მრავალპროფილულ კლინიკებში“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპისთვის იდენტიფიცირებულია 42 დაწესებულება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია, რომ სტაციონარების რაოდენობა დაემატოს.

„აქ არის მოთხოვნები უშუალოდ ვაქცინაციის კაბინეტის მიმართ, რაც ითვალისწინებს ცივი ჯაჭვის მოთხოვნებს – მაცივარი, პირველი დახმარების შესაძლებლობა, ადრენალინი და ის მედიკამენტები, რომლებიც აუცილებელია, რომ კაბინეტს ჰქონდეს; ასევე გადამზადებული პერსონალი, გარდა ამისა, დამატებით ის მოთხოვნები, რომლებიც დაყენებული იყო „ფაიზერის“ ვაქცინის შემთხვევაში, რაც ასევე დამტკიცებულია მთავრობის დადგენილებით –  ეს არის რეანიმაციის განყოფილების არსებობა და ის, რომ რეანიმაციული მოქმედებების ჩატარება შესაძლებელი იყოს ადგილზევე.

ახალციხის „იმედის“ კლინიკა სრულად არის აღჭურვილი. იქ არის რეანიმაციული განყოფილება და სწორედ ამიტომ მოხდა, რომ მაშინვე მოხერხდა პაციენტისთვის რეანიმაციული დახმარების გაწევა და გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ პაციენტი გადმოყვანილიყო თბილისში. ეს იმის გამო არ იყო, რომ ადგილზე არ იყო რეანიმაციული განყოფილება, ეს მოხდა იმის გამო, რომ შემთხვევა იყო უკიდურესად საყურადღებო და საჭიროდ ჩაითვალა თბილისიდან ექსპერტების მონაწილეობა“, – განაცხადა გაბუნიამ.