თუ კიევი მიწოდებულ იარაღს ჩვენი ტერიტორიების დაკავებისთვის გამოიყენებს, ეს მიგვიყვანს საპასუხო მძლავრი იარაღის გამოყენებამდე - ვოლოდინი

პუბლიკა

„ვაშინგტონი და ნატო-ს ქვეყნები თუ მიაწოდებენ უკრაინას იარაღს, რომელსაც კიევი მშვიდობიან ქალაქებზე შეტევითი დარტყმებისთვის და ჩვენი ტერიტორიების დაკავებისთვის გამოიყენებს, როგორც ისინი იმუქრებიან, ეს მიგვიყვანს საპასუხო ზომებამდე უფრო მძლავრი იარაღის გამოყენებით“,- ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი „ტელეგრამის“ თავის არხზე წერს.

რუსეთის დუმის სპიკერის აზრით, ვაშინგტონსა და ბრიუსელს მსოფლიო საშინელი ომისა და სულ სხვანაირი საომარი მოქმედებებისკენ მიჰყავთ.

„რუსული იარაღის ტექნოლოგიური უპირატესობის გათვალისწინებით, უცხოელმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, უნდა გაიგონ, რომ ეს შეიძლება დასრულდეს გლობალური ტრაგედიით, რომელიც გაანადგურებს მათ ქვეყნებს“,- წერს ვოლოდინი.