პროევროპული აქციების ფარგლებში დაკავებული ვეფხია კასრაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ფაქტს ადასტურებს პენიტენციური სამსახური და მისი ადვოკატი, კახა კოჟორიძე.
ადვოკატი „პუბლიკას“ ეუბნება, რომ ვეფხია კასრაძემ გაიკეთა ცხვირის ოპერაცია, ვინაიდან ჰქონდა სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები. მისი თქმით, ცხვირის ოპერაცია არ ყოფილა დაკავშირებული ციხეში მომხდარ რაიმე ინციდენტთან.
კოჟორიძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ის ოპერაციის დღესვე დააბრუნეს საპატიმროში, თუმცა, ოპერაციის შემდეგ მდგომარეობა გაურთულდა და დღეს, 7 თებერვალს გადაიყვანეს კლინიკაში.
მანამდე ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს, 7 თებერვალს, ციხიდან დაუკავშირდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რეზო კიკნაძე და უთხრა, რომ „ვეფხია კასრაძე არის ძალიან ცუდად, ჩირქი მოსდის, კლინიკაში არ გადაჰყავთო (ვეფხიამ რამდენიმე დღის წინ ოპერაცია გაიკეთა)“