ვერც ერთი პარტია ვერ იტყვის, რომ პირადი ცხოვრებით შანტაჟზე რეაგირება არ მოვახდინეთ - გომელაური

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის და გამოვლენილ ფაქტებზე რეაგირების შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რათა მომავალმა არჩევნებმა მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩაიაროს.

„საარჩევნო კამპანიას რაც შეეხება, ძალიან ბევრ განცხადებას აკეთებენ. ალბათ ვერ დამისახელებთ ერთ არჩევნებსაც, რომ არ ყოფილიყო ასეთი განცხადებები – თავდასხმა ხდება, არ იძიებს თითქოს პოლიცია, ხელისუფლებაა ჩართული და მმართველი ძალა. ვერც ერთ საქმეს ვერ მეტყვის ვერავინ, რომ ფაქტს არ მოჰყვა რეაგირება, არ აღიძრა საქმე და შესაბამისად არ მოხდა გამოკითხვები, არ ჩაერთო პროკურატურა და შემდეგ სასამართლო, ვერც 2016-ში, ვერც 2018-ში და ვერც ადრე.

ხდება რეაგირება, რა თქმა უნდა, თუმცა სასამართლო როგორც შეაფასებს სამართლებრივად, ისე ხდება მათი დასჯა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მერწმუნეთ, ყველა საქმეზე საარჩევნო პერიოდში იქნება მკაცრი რეაგირება.

პირადი ცხოვრების გასაჯაროების შანტაჟს რაც შეეხება – ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ იტყვის, რომ ჩვენ რეაგირება არ მოვახდინეთ, არ გამოვკითხეთ. ეს არ არის მარტივი თემა, პროკურატურა არის ჩართული ჩვენთან ერთად და მაქსიმალურად გვინდა გამოვავლინოთ. ძალიან მძიმე თემაა, როცა ასე ემუქრებიან ან აშანტაჟებენ,” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.


24 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ომბუდსმენის აპარატი აკვირდება წინასაარჩევნოდ გამოვლენილ დარღვევებს, მათ შორის, ბრალდებებს პირადი ცხოვრებით მუქარაზე, და ოპონენტებზე ძალადობით ანგარიშსწორების შესაძლო ფაქტებს. ლომჯარიამ განაცხადა, რომ წინა წლების პრაქტიკამ აჩვენა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებისთვის არავის უგია პასუხი და მოსყიდვის, თუ სხვა შემთხვევებზე დღემდე არ გამოკვეთილა დაზარალებული, თუ ბრალდებული პირები აღნიშნულ საქმეებში.

მალევე ნინო ლომჯარიას ამ განცხადებას გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო. „არჩევნების დროს ძალადობის კლებასა და პოლიციის ეფექტიანი მუშაობის შესახებ მკაფიო ჩანაწერები გვხვდება ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებში“, – ნათქვამია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.