სუს-ის დავალებით, საარჩევნო პროცესის საბოტაჟისთვის, ერთ-ერთი პირი მითითებებს აძლევდა ენმ-ს საოლქო კომისიის წევრებს - ბოკუჩავა

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ენმ-ს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ერთ-ერთი პირი ისეთ მითითებებს აძლევდა, რომელიც არჩევნების დესტაბილიზაციას ითვალისწინებდა. ბოკუჩავას შეფასებით, ეს პირი სუს-ის მიერ არის ორგანიზებული და მიზნად ისახავენ საარჩევნო პროცესის საბოტაჟს.

ბოკუჩავა საგამოძიებო უწყებებს ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

„გუშინ ენმ-ს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ტყიბულში, ვანში, გორში, შუახევში, საგარეჯოსა და გურჯაანში დაუკავშირდა პიროვნება, რომელიც ამბობდა, რომ მას ჰქვია გიორგი ნოზაძე, ტელეფონის ნომრიდან [ასახელებს მობილურის ნომერს] და აძლევდა ყალბ ინსტრუქციებს ენმ-ს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, არჩევნების საბოტაჟის, დესტაბილიზაციისა და რევოლიციური სცენარის მითითებებით.

ეს პიროვნება არის, სავარაუდოდ, ყალბი იდენტობა, რომელიც შექმნა სუს-მა საარჩევნო პროცესის საბოტაჟირების მიზნით. მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს, გამოიძიონ აღნიშნული საკითხი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავას თქმით, მათ გადაამოწმეს აღნიშნული ტელეფონის ნომერი და გაარკვიეს, რომ რეგისტრირებულია ალუდა ჯანხოთელზე. ბოკუჩავას თქმით, ეს პირი არ იძებნება ცესკოს ამომრჩეველთა ბაზაში.

„ეს მიუთითებს, რომ თავად ეს ადამიანიც ატარებს ყალბ იდენტობას ან აქვს ვადაგასული პირადობა ან სხვა ფორმით და ფალსიფიკაციით აქვს აღებული ის ნომერი, საიდანაც რეკავდნენ შემდეგ.

ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს სუს-ის პროექტი ხორციელდებოდა ივანიშვილის დავალებით, რომელიც ძალიან კარგად ხედავს, რომ „ქართული ოცნება“ აგებს 31 ოქტომბრის არჩევნებს, რომ ამ არჩევნებს იგებენ ოპოზიციური პოლიტიკური ძალები და როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა და ბიძინა ივანიშვილის მთავარი მეტოქე, ენმ კიდევ ერთხელ ხდება ყალბი დანაშაულებრივი კამპანიის სამიზნე „ქართული ოცნების” სპეცსამსახურების მხრიდან. მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს და შევიტანთ ასევე განცხადებას პროკურატურაში, რომ გაირკვეს, ვინ ატარებს ამ ნომერს რეალურად, იმიტომ, რომ საუბარი იყო დესტაბილიზაციასა და რევოლუციურ სცენარზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.