ვფიქრობ, მოსახლეობის უმეტესობა ამჯობინებდა, გაეგო, რომ რუსეთს გაჰყავს ძალები აფხაზეთიდან, ცხინვალიდან, ვიდრე ფრენის აღდგენაზე – დეგნანი

პუბლიკა

ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ამჯობინებდა, გაეგო, რომ რუსეთს გაჰყავს თავისი ძალები აფხაზეთიდან, ცხინვალიდან და საბოლოოდ ასრულებს 2008 წლის შეთანხმების ვალდებულებებს, ვიდრე პირდაპირი ფრენის აღდგენის შესახებ მოესმინა, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა სერგეი ლავროვის განცხადებაზე შეკითხვის პასუხად.

„საქართველოს ისტორიას როდესაც ვსწავლობდი, ვნახე, საუკუნეების განმავლობაში რუსეთი არ ასრულებდა დაპირებებს. რუსეთის მცდელობისას, უარყოს საქართველო, მისი იდენტობა,  ენა, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ამჯობინებდა, გაეგო, რომ რუსეთს გაჰყავს თავისი ძალები აფხაზეთიდან, ცხინვალიდან და საბოლოოდ ასრულებს 2008 წლის შეთანხმების ვალდებულებებს, ვიდრე პირდაპირი ფრენის აღდგენის შესახებ მოესმინა. არ მაქვს ინფორმაცია, რომ მოსკოვში მცხოვრებ ქართველებს აქვთ პრობლემები საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუ მათ ეს სურთ, თუმცა ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ძალიან ბევრი რუსი ჩამოდის ამ ქვეყანაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა [„პირველი არხის“ თარგმანი].

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა შეაქო საქართველოს ხელისუფლება, რომ მიუხედავად დასავლეთის მოთხოვნისა, არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს და იმედი გამოთქვა, რომ მალე აღდგება საქართველოსთან პირდაპირი ფრენა.

„რაც შეეხება ფრენას, 2019 წელს რუსეთმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება ფრენის შეწყვეტის თაობაზე და ეს იყო ერთგვარი სანქცია, რომელიც ამოქმედდა საქართველოს მიმართ და ამან საქართველოს მოქალაქეები დააზარალა… თუ ფრენა აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის მისასალმებელია“, – მის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებებთან დაკავშირებული შეკითხვის პასუხად განაცხადა.