ვგმობთ ძალადობრივ, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს - აშშ-ის საელჩო

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, დმანისსა და რუსთავში წინასაარჩევნოდ განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს.

საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ გმობს პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობის ფაქტებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ძალადობრივ, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ დმანისსა და რუსთავში. ეს და ქვეყნის მასშტაბით ოპოზიციის კანდიდატების მიმართ ზეწოლისა და დაშინების შესახებ მრავალი ცნობა წარმოშობს სერიოზულ ეჭვებს მთავრობის ერთგულებაზე უსაფრთხო წინასაარჩევნო კამპანიისა და დემოკრატიული არჩევნების მიმართ. ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ საარჩევნო კამპანიაში.

მთავრობას აქვს ძირითადი პასუხისმგებლობა, შექმნას ისეთი გარემო, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ არჩევნებს, რომლის მიმართაც ამომრჩეველს ექნება ნდობა.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააორმაგოს ძალისხმევა იმის უზრუნველსაყოფად, რომ კანდიდატებმა და მათმა მხარდამჭერებმა შეძლონ შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების დემოკრატიული უფლებებით სარგებლობა დაშინების, შევიწროების ან ძალადობის საფრთხეების გარეშე, აგრეთვე, შეძლონ აქტიური ნაბიჯების გადადგმა იმ პირთა პასუხისგებისთვის, ვინც არღვევს არჩევნების პირობებს,”- აღნიშნულია განცხადებაში.