ვგმობთ „ფორმულას“ თანამშრომლებზე განხორციელებულ თავდასხმას - აშშ-ის საელჩო

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გმობს ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმისა და ვანდალიზმის ფაქტს.

„ამას წინ უსწრებდა, თებერვალში, ფორმულას ჟურნალისტის ვახო სანაიას ცემის ინციდენტი. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჩაატაროს ამ შემთხვევების სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება. თავდასხმა ჟურნალისტებზე მიუღებელია. დემოკრატიულ სახელმწიფოებში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება და შეეძლოთ საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათ შესძლონ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება საზოგადოების ინფორმირების, სახელმწიფო ინსტიტუციებისა და მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად“,- განათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ტელეკომპანია ფორმულას ცნობით, მათ ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ სოფელ გამარჯვებაში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. გამოიკითხა ავტომობილის მფლობელი, რომელმაც აღნიშნა, რომ არის ტელეკომპანია „ფორმულას” მძღოლი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

„რაც შეეხება მეორე ფაქტს, რომელზეც ტელეკომპანია „ფორმულა” საუბრობს, შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ შემოსულა. ინფორმაციის მიღებისთანავე, უწყება შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“,- აცხადებენ შსს-ში.