ვიდეოგადაღება დასაქმებულთა კონტროლის მიზნით ხდებოდა, რაც სასამართლომ მტკიცებულებად არ მიიღო – „სოლიდარობის ქსელი"

პუბლიკა

დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ერთ-ერთი ბრენდული ფეხსაცმლის მაღაზიის თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება.

გათავისუფლებული დასაქმებულის ინტერესებს „სოლიდარობის ქსელის“ იურისტი დავით ომსარაშვილი იცავდა. როგორც მან „პუბლიკას“ უამბო, სასამართლოში დამსაქმებლის უმთავრესი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, თითქოს დასაქმებული უხეშად არღვევდა შრომით ხელშეკრულებას, იყო ობიექტზე არსებული ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომელზეც თითქოს ჩანდა, რომ დასაქმებული შედიოდა სოციალურ ქსელში და დამსაქმებლის განმარტებით სამუშაო დროს „არამიზნობრივად იყენებდა“.

იურისტის თქმით, სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერები იყო უკანონოდ მოპოვებული, მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულმა იცოდა ვიდეოგადაღების შესახებ.

„მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს იყო ჩვეულებრივი მაღაზია, ერთ-ერთი ბრენდული ფეხსაცმლის, სადაც  ვიდეოგადაღება მიმდინარეობდა და როგორც ყველა მაღაზიაში იყო გამოკრული გაფრთხილება, რომ მიმდინარეობს ვიდეოკონტროლი.  თვითონ დასაქმებულებმაც, რა თქმა უნდა, იცოდნენ, რომ იქ ვიდეოკონტროლი მიმდინარეობდა, თუმცა ეს ვიდეოკონტროლი, ზოგადად, კანონის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ მატერიალური ფასეულეობა ან უსაფრთხოება დაიცვას. შესაბამისად, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ვიდეოკამერები არ უნდა იყოს გამოყენებული სხვა მიზნით, რომელიც კანონით არ არის გათვალისიწინებული.

დღესდღეობით, ძალიან ხშირად დამსაქმებლები „აშანტაჟებენ“ დასაქმებულებს, რომ  – „მე შენ გიყურებ. ნებისმიერ შენს ფეხის ნაბიჯს ვუყურებ. ვუყურებ იმასაც, რომ კლიენტს არ გაუღიმე“, – ბევრჯერ მომისმენია დასაქმებულისგან, რომ დაჯარიმდა იმის გამო, რომ მომხმარებელს საკმარისად არ გაუღიმა. ასეთი ფაქტები ხშირია, როცა დასამებულებს ბოჭავენ იმით,რომ მათი თოთოეული ქმედების კონტროლი მიმდინარეობს. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს დაუშვებელია.

ჩვენ ვამბობდით, რომ სასამართლოს არ უნდა ემსჯელა აღნიშნული ვიდეომტკიცებულებით იმის დასადგენად, დაარღვია თუ არა დასაქმებულმა შრომითი ხელშკრულება, იმ ლოგიკით, რომ ეს მტკიცებულება უკანონოდ იყო მოპოვებული, ანუ ვიდეოჩაწერა დასაქმებულთა კონტროლის მიზნით ხდებოდა, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული“, – განმარტავს იურისტი.

იურისტი საუბობს იმ ძირითადი არგუმენტების შესახებაც, რომლითაც სასამართლოზე ამტკიცებდნენ, რომ ვიდეოჩანაწერები უნდა ყოფილიყო საქმიდან ამოღებული, კერძოდ:

  • პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად: (მუხლი 4. მონაცემთა დამუშავების პრინციპები) ა) მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად; ბ) მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით;
  • მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ: მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით. ( მუხლი 5. მონაცემთა დამუშავების საფუძვლები);
  • პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად „სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის და გამოცდის/ტესტირების მიზნებისათვის და თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია.“
  • იმავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად კი : „ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენებისას შესაბამის კერძო ან საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული ყველა პირი წერილობითი ფორმით უნდა იყოს ინფორმირებული ვიდეოთვალთვალის განხორციელებისა და მისი უფლებების შესახებ.“

იურისტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმებულების ცნობიერების ამაღლების კუთხითაც.

„თვითონ დასაქმებულებსაც არ აქვთ პრეტენზია, რომ მათ უღებენ და მათ დისციპლინას აკონტროლებენ იმ დონეზე, რომ გაუღიმა კლიენტს თუ არ გაუღიმა და შემდეგ ამის გამო დისციპლინურ სახდელებს აკისრებენ. ჰგონიათ, რომ ასეთი წესია, ეს არის ნორმა. აქედან გამომდინარეც მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ.

ეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაა, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ძალაში დარჩება შემდგომ ინსტანციებშიც, რადგან დარწმულებული ვარ ჩვენს სიმართლეში.“