„ვიხილეთ ადამიანის მორალური დაცემის კიდევ ერთი კლასიკური მაგალითი“ - ენმ-ის აჭარის ორგანიზაცია

პუბლიკა

ხელვაჩაურის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის ბრალდებებსა და გამოძიებასთან დაკავშირებით პარტიის აჭარის ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.

პარტია ბრალდებებს „ორკესტრირებულ დეზინფორმაციას“ უწოდებს და „ქართული ოცნებისკენ“ მიუთითებს.

„გუშინ ჩვენ ვიხილეთ ადამიანის მორალური დაცემის კიდევ ერთი კლასიკური მაგალითი. რუსული ინტერესების მსახური კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც მხოლოდ პირობითად შეიძლება ერქვას ხელისუფლება, პიროვნების განადგურებით ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება!

ზნეობისა და ფასეულობებისაგან დაცლილი ადამიანების მეშვეობით ქმნიან იმ ნიადაგს, რომელიც ჩვენს მომავალ თაობას უსპობს პერსპექტივას და ქვეყანას მიაქანებს უფსკრულისკენ!

ივანიშვილის “ნამესტნიკური” რეჟიმის სატკივარს დიდი ხანი აჭარის ენმ წარმოადგენს, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის ფლაგმანი ორგანიზაცია! ამიტომ ორკესტრირებულად, დეზინფორმაციის მეშვეობით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და პარტიაზე იერიშის მიტანას!

თუმცა გვსურს მივმართოთ თანამოქალაქეებს, რომ ჩვენი ერთგულება იდეებისა და პრინციპების მიმართ ურყევია ისე, როგორც არასდროს! ეს არის ბრძოლა ქვეყნის სუვერენიტეტის გადარჩენისათვის და გპირდებით, რომ ეს ბრძოლა პატრიოტული ძალებისა და ქართველი ხალხის ერთობლივი უპირობო გამარჯვებით დასრულდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელვაჩაურის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მალხაზ თავდგირიძემ პარტია და ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. როგორც მან განაცხადა, მას ენმ-ის ადგილობრივი ლიდერები აშანტაჟებენ.

მის ბრალდებებზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი მდგომარეობით, მისი პირადი მიმოწერის უკანონოდ მოპოვების, გამოყენებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყებამ განჩინების საფუძველზე, მიმოწერის უკანონოდ მოპოვების და გამოყენების დამადასტურებელი მტკიცებულების მოძიების მიზნით ელგუჯა ბაგრატიონის და მამუკა ჯევაიშის მობილური ტელეფონები ამოიღო.