ვინ არის ვლადიმერ ევტუშენკოვი

პუბლიკა

დღეს რუსმა ოლიგარქმა ვლადიმერ ევტუშენკოვმა საქართველოში მისი წარმომადგენლის ალი უზდენოვის ვიზიტთან დაკავშირებული ინფორმაცია დაადასტურა. მედიაში ჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი ვლადიმერ ევტუშენკოვს ესაუბრება და სთხოვს, რომ მის წარმომადგენელს შეხვდეს, გუშინ გავრცელდა.

ბიძინა ივანიშვილი ჩანაწერში ევტუშენკოვს პასუხობს, რომ მის წარმომადგენელს პრემიერს შეახვედრებს, რადგან „ახალგაზრდა ბიჭია და ყველაფერს მიხედავს“.

საქართველოს ხელისუფლება უზდენოვის პრემიერთან შეხვედრას უარყოფს, ევტუშენკოვმა კი „ფორმულასთან“ თქვა, რომ მას ივანიშვილთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და უზდენოვის ვიზიტსაც პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონია.

ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, youtube-ზე მომხმარებელმა cyber kmara-მ გამოაქვეყნა. ამავე არხზე ადრე გავრცელდა ჩანაწერი, რომლის ავთენტურობა ასევე არ არის დადგენილი, და რომელშიც ივანიშვილს ვლადიმერ ევტუშენკოვი დაბადების დღეს ულოცავს. 25 აპრილს ატვირთული ახალი ჩანაწერის მიხედვით კი 2022 წლის მარტში ორჯერ შედგა საუბარი.

მარტში გავრცელებული ჩანაწერის შემდეგ „ქართული ოცნების“ თამვჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევტუშენკოვი „რეპრესირებული ბიზნესმენია“.

„საქმე ეხება ერთ რუს ბიზნესმენს, რომელიც არის რეპრესირებული რუსეთის ხელისუფლების მხრიდან და თუ ვინმე შეგვიძლია გავიხსენოთ ჩვენ რეპრესირებული ბიზნესმენებიდან, ხადარკოვსკის შემდეგ ეს არის სწორედ ეს კონკრეტული ბიზნესმენი“, – თქვა კობახიძემ 16 მარტს.

დღეს კი ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბიზნესმენებს შორის საუბარში გასაკვირი არაფერია.

„როდესაც ორი ბიზნესმენი საუბრობს ერთმანეთთან, თუნდაც სავაჭრო ურთიერთობებზე, ამაში რამეა გასაკვირი? მე რაც ვიცი, ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ამ პირისთვის სანქციები აქვს დაწესებული ავსტრალიაა. ამაშიც არის საინტერესო დეტალები“, – თქვა კობახიძემ.

ვინ არის ვლადიმერ ევტუშენკოვი?

ვლადიმერ ევტუშენკოვი ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ სანქცირებული ჯერჯერობით არ არის, თუმცა 7 აპრილს მოხვდა ავსტრალიის მიერ სანქცირებულთა სიაში. 13 აპრილს კი მას აქტივები დიდმა ბრიტანეთმაც გაუყინა. ქვეყნის ხელისუფლებამ ევტუშენკოვი რუს ოლიგარქად მოიხსენია და სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.

როგორც Reuters წერს, ევტუშენკოვმა ამის შემდეგ კორპორაცია „სისტემაში“ წილის 10% თავის შვილს გადასცა. ოლიგარქმა საკონტროლო პაკეტი დათმო და შვილისთვის წილის გადაცემით სანქციებისთვის თავის არიდებას ცდილობს.

მანამდე, მარტში ევტუშენკოვისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით დიდ ბრიტანეთში აქციაც გაიმართა, რომლის მონაწილეებიც ამბობდნენ, რომ ევტუშენკოვის კომპანია რუსეთისთვის სამხედრო დრონებს აწარმოებდა.

ვლადიმერ ევტუშენკოვი ქიმიის მაგისტრი და ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია. ის 1990 წელს მოსკოვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა. 1993 წელს კი, საბჭოთა კავშირის შემდეგ, ამ ორგანიზაციის ბაზაზე კორპორაცია „სისტემა“ დააფუძნა, რომელიც რუსეთში კომუნიკაციების სფეროს წამყვან კომპანიაც იქცა.

გამოცემა წერს, რომ ვლადიმერ ევტუშენკოვი მოსკოვის ყოფილ მერთან, იური ლუჟკოვთან დაახლოებული პირია. ლუჟკოვი, რომელიც 2019 წელს გარდაიცვალა, გავლენიანი პოლიტიკოსი და რუსეთის დედაქალაქის მერი იყო 18 წლის განმავლობაში. ევტუშენკოვის ცოლი, ნატალია ლუჟკოვის ცოლის ელენა ბატურინას დაა, რომელიც ასევე მილიარდერია.

პრივატიზაციის შემდეგ, ევტუშენკოვმა მოიპოვა მოსკოვის სატელეფონო ქსელის 55%-იანი წილი, რომელიც მსოფლიოში სატელეფონო კომუნიკაციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქსელია. კორპორაცია „სისტემის“ კაპიტალი კი ორ წელიწადში 1 მილიარდ დოლარს ასცდა.

კორპორაცია „სისტემის“ ქოლგის ქვეშ ევტუშენკოვმა დააფუძნა სხვადასხვა პროფილის კომპანიები, მათ შორის ისეთი, რომელსაცც გამოცემა EU Reporter-ის ინფორმაციით, კავშირი ჰქონდა მოსკოვის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან. მისი ერთ-ერთი კომპანია კი ტექნიკას რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვისაც აწარმოებდა.

ცნობილია, რომ ევტუშენკოვის „სისტემა“ 2021 წლამდე ფლობდა „კრონსტადტ ჯგუფსაც“. ეს ორგანიზაცია კი აწარმოებს სამხედრო დანიშნულების უპილოტო საფრენ აპარატებს. დადასტურებულია ინფორმაცია „კრონსტადტ ჯგუფის“ მიერ გამოშვებული სამხედრო დანიშნულების დრონის – „ორიონის“ უკრაინის ომში გამოყენების შესახებ.

EU Reporter-ის მიხედვით, ევტუშენკოვი ასევე დაახლოებულია უკრაინის ყოფილ პრეზიდენტთან ვიქტორ იანუკოვიჩთან. პრორუსი პოლიტიკოსი გამოცემის ინფორმაციით, ოლიგარქის ახლო მეგობარია.

„სისტემაში“ კი ევტუშენკოვის მრჩეველი იყო ნიკოლა ბილოკონი, იანუკოვიჩის მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი. ასევე ევტუშენკოვთან დაახლოებული პირი იყო სერჰი ტარუტა, დონეცკის რეგიონის ყოფილი მმართველი და პრორუსი პოლიტიკოსი.

ევტუშენკოვის კორპორაციაში წლების განმავლობაში მაღალ თანამდებობას იკავებდა ქართველი პრორუსი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან ვასაძე. ის 1998 წლიდან 2006 წლამდე „სისტემის“ ვიცე-პრეზიდენტი იყო.

„რადიო თავისუფლება“ წერდა, რომ ვლადიმერ ევტუშენკოვს სანქციების დაკისრება ჯერ კიდევ 2014 წლის შემდეგ ემუქრებოდა.

ვრცელდებოდა ცნობები, რომ ევტუშენკოვთან დაკავშირებული იყო ყირიმში არსებული ტელეკომუნიკაციების კომპანია. 2016 წელს კი ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „სისტემა“ ყირიმში სამედიცინო ინფრასტრუქტურას შექმნიდა.

2018 წელს კონგრესმენებმა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს წერილით მიმართეს, რომ დაუყოვნებლივ გაეტარებინათ ზომები ევტუშენკოვის მიმართ. სახაზინო დეპარტამენტი თავადაც იძიებდა მის შესაძლო ბიზნესსაქმიანობას ანექსირებულ ყირიმში.

როგორც გამოცემა წერდა, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს ევტუშენკოვი მოხსენიებული ჰყავს იმ პირებს შორის, რომლებაც პუტინთან დაახლოებით მოახერხეს ქონების დაგროვება და ძალაუფლების მოპოვება.

თუმცა, 2014 წელს ევტუშენკოს რუსეთის ხელისუფლებასთან დაპირისპირებაც ჰქონდა. ის ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხებოდა კორპორაცია „სისტემის“ მიერ ნავთობკომპნია „ბაშნეფტის“ შეძენას. „სისტემას“ ჩამოერთვა თავისი წილი ნავთობკომპანიაში და ის მოგვიანებით პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის იგორ სეჩინის „როსნეფტმა“ შეიძინა.

ევტუშენკოვმა მის მიმართ წაყენებული ბრალდება დაშინების მცდელობად შეაფასა. მოგვიანებით მას ბრალდება მოუხსნეს.