ვისადილეთ ღია სივრცეში შესაბამისი რეგულაციების დაცვით - გამყრელიძე სუფრის ფოტოებზე

პუბლიკა

„გიდასტურებთ, რომ ნამდვილად ვიყავი თანამშრომლებთან ერთად 24 სექტემბერს წინანდალში კახეთის მედიასთან და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრებთან შეხვედრაზე ვაქცინაციის გააქტიურების საკითხებზე“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რითიც სტუდია მონიტორის მიერ გავრცელებულ ფოტოებს გამოეხმაურა.

სტუდია მონიტორის თქმით, NCDC-ის თანამშრომლები „მარან ველისციხურში“ სადილობისას რეგულაციებს არღვევენ, რადგან მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ღია სივრცეში სკამების საზურგეებს შორის მანძილი უნდა იყოს 1 მეტრი.

გამყრელიძის მტკიცებით, სუფრაზე მყოფი ყველა ადამიანი სრულად ვაქცინირებულია.

„25-ში გახლდით სოფლებში, ყარაჯალასა და ველისციხეში მოსახლეობასთან შეხვედრებზე და ავცერით ასევე მსურველები. მოვინახულეთ ღვინის ძველი ქართული ტრადიციით დამზადების მუზეუმი-მარანი და ვისადილეთ ღია სივრცეში შესაბამისი რეგულაციების დაცვით. ყველა გახლავართ სრულად აცრილები. მარანმა გადაიღო რამდენიმე სამახსოვრო ფოტო“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე, რომლის კომენტარსაც პრესსსამსახური ავრცელებს.