„ვისაუბრეთ პოლიტპატიმრების საკითხზე" | ენმ დანიელსონთან შეხვედრაზე

პუბლიკა

„მთელი დღის განმავლობაში თავის რადიკალურ პოზიციებს აფიქსირებენ, რაც შეთანხმების პროცესს აფერხებს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ეს არის მათი განწყობა იმ მიმართულებით, რომ უნდათ ძალაუფლების შენარჩუნება და არ არიან მზად, რომ ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯი გადადგან.

დღეს ვუსმინე კობახიძეს, ამბობდა, რომ პლებისციტშიც და ნებისმიერ არჩევნებშიც მოვიგებთო, თუ ამის თავი აქვთ, მაშინ რატომ ეშინიათ, რატომ კანკალებენ, ნებისმიერ საკითხზე და თემაზე, რომელიც დაკავშირებულია ვადამდელ არჩევნებთან. ცხადია, რომ კარგად ესმით, რომ მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა”, – აღნიშნა მინაშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრა „ნაციონალურმა მოძრაობამ” ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი დააყენა. მისივე თქმით, მედიატორს საკუთარი წინადადებები არ შემოუთავაზებია.

„ვინაიდან ჩვენი პოზიციაა, რომ თუ პირველ რიგში ამ ორი ადამიანის გათავისუფლების საკითხი არ დადგება, სრულფასოვანი მოლაპარაკების გაგრძელება იქნება რთული. რაც შეეხება წინადადებებს, შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება და საბოლოო ჯამში ხვალ რაღაც სურათი ალბათ გამოიკვეთება”, – განაცხადა მან.

ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმაც აღნიშნა, რომ შეხვედრაზე იყო „საფუძვლიანი საუბარი პოლიტპატიმარ ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეებზე”.

„ჩვენ საუბარი მთავარ თემაზე გვქონდა, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ესაა პოლიტპატიმრების გათავისუფლების თემა. ვფიქრობთ, რომ ყველას კარგად ესმის, მათ შორის მედიატორებს, რომ ამ პრობლემის გადაჭრის გარეშე საერთოდ არანაირი სივრცე შეთანხმების არ იარსებებს. დღეს დეტალური საუბარი გვქონდა პოლიტპატიმრების პრობლემაზე, ქვეყანაში მართლმსაჯულების გამოწვევებზე”, – განაცხადა სამადაშვილმა.


ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ვიზიტით უკვე მეორედ იმყოფება. ის დღის განმავლობაში მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ხვდება.

LB loan image desktop LB loan image mobile