ვიტოვებთ უფლებას, აღარ დავკარგოთ დრო ამ ახირების განხილვაზე - ღარიბაშვილი მოლაპარაკებაზე

პუბლიკა

„დღეს, როცა ვითარება ყველასთვის ცხადია, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, აღარ დავკარგოთ დრო ამ ახირების განხილვაზე და მთლიანად ვორიენტირდეთ რეალურ პრობლემებზე”, – პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომის დაწყებამდე კრისტიან დანიელსონის მოდერატორობით მიმდინარე მოლაპარაკების პროცესს გამოეხმაურა.

პრემიერის შეფასებით, ოპოზიციას არ  ეყო არც გამბედაობა და გონიერება, რომ უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე და ხელი მოეწერათ დოკუმენტზე.

„რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა, რაც, შეთანხმების მიუღწევლობის მიუხედავად, მაინც უნდა გამოვიტანოთ ამ პროცესიდან:

კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე მინიშნებაც კი არ ყოფილა, ეს ბუნებრივია, ვინაიდან ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, მთელი დასავლური საზოგადოება, მთელი მსოფლიო აღიარებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და მის შედეგებს. შესაბამისად, შედეგების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არავითარი შეკითხვები არ არსებობს.

თუმცა მთელი ცივილიზებული სამყაროს საზოგადოებისგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიცია, ვხედავთ, არ ცდილობს, გამოვიდეს ამ ჩიხიდან, სადაც თავად, ნებაყოფლობით, თუმცა გაუგებარი გათვლებით შევიდა. მინდა, ასევე აღვნიშნო – ჩვენ დავრწმუნდით იმაში, რომ მათ არ ეყოთ არც გამბედაობა და გონიერება, რომ უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე და ხელი მოეწერათ დოკუმენტზე და დღეს, როცა ვითარება ყველასთვის ცხადია, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, აღარ დავკარგოთ დრო ამ ახირების განხილვაზე და მთლიანად ვორიენტირდეთ რეალურ პრობლემებზე. რომელიც ჩვენს ხალხსა და ჩვენს ქვეყანას აწუხებს.

ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები დაწყებული. მასშტაბურ პროექტებს წარმოვადგენთ უახლოეს რამდენიმე კვირაში, ეს იქნება სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვექნება დრო დასაკარგი ამ უშინაარსო  და აბსოლუტურად არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასახარჯად”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ყველა იმ საკითხზე, რომელიც მედიატორის მიერ იყო შემოთავაზებული, მმართველ პარტიას ჰქონდა შემხვედრი პოზიცია, კომპრომისული/კონსტრუქციული და რომ მაქსიმუმი გააკეთა შეთანხმების მისაღწევად, „თუმცა რადიკალურ ოპოზიციას შეთანხმება არ სურდა. სთხოვდა მედიატორს დოკუმენტში დამატებითი პუნქტების შეტანას და ორიენტირებული იყო მოლაპარაკების ჩაშლაზე”.

„ვფიქრობ, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი ე.წ. კრიზისი, რომლის მთავარ პრობლემად წარმოჩენასაც ცდილობენ, სინამდვილეში მხოლოდ თავად რადიკალური ოპოზიციის მწვავე კრიზისია”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ინსტიტუტებს, შარლ მიშელსა და კრისტიან დანიელსონს.

„მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო შეთანხმება არ შედგა, ეს პროცესი მაინც ძალზე მნიშვნელოვანი იყო ყველასთვის. ვფიქრობ, ევროპა დღეს კიდევ უფრო კარგად ერკვევა ჩვენს ვითარებაში და ქართველმა ხალხმაც უფრო ცხადად დაინახა, თუ ვის რა ინტერესები ამოძრავებს. ეს კი ნამდვილად სასარგებლო გამოცდილებაა ჩვენთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.