ვოლსკი კასიანოვზე: მიღებაზე შემხვდა და ისეთი სიხარული გამოხატა, არაადეკვატურია ან სტრესის ქვეშაა

პუბლიკა

მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ „იმედის“ ეთერში საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებების შესახებ ისაუბრა.

გიორგი ვოლსკის თქმით, ანდრეი კასიანოვი შექმნილი ვითარების გამო „ალბათ სტრესში იმყოფება“.

„ასეთი რამ რომ სტუმარმა, თუმცა ამ შემთხვევაში ტრადიციულ სტუმარ-მასპინძლობაზე არ ვსაუბრობ, სტუმარმა დიპლომატმა ასეთი განცხადება გააკეთოს – ქვეყნების ურთიერთობის საწინააღმდეგო, მაშინ როდესაც ამას ჰქვია ცეცხლზე ნავთის დასხმა… იცით რა, მოკლედ, რომ ვთქვათ და ცოტა ირონიულადაც – რა ქნას კასიანოვმა? გამორიცხულია რომ  ეს მისი პირადი ის იყოს … თუმცა კასიანოვს, როგორც პიროვნებას, როგორც ვუყურებ, ის რამდენიმე მიღებაზე შემხვდა და ისეთი სიხარული გამოხატა ამ დანახვით, „სელფის “ გადაღების მცდელობით, რომ ისიც არაადეკვატურია, ან სტრესის ქვეშ იმყოფება შექმნილი ვითარების გამო – დიპლომატი, დიპლომატიური მისია, უშველებელი საელჩო …“ , – თქვა მან


25 იანვარს საგარეო საქმეთა სამინისტროში ანდრეი კასიანოვი მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს. მან შეხვედრის შემდეგ სამინისტრო უკომენტაროდ დატოვა.

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა „ევოპეისკი პრავდასთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ  უკრაინის საელჩო საქართველოში არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და რუსების მასიური ნაკადის შემოსვლის შემდეგ.