წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს - წულუკიანი ქარდავაზე

პუბლიკა

„მადლობას ვუხდი უკრანელ სამართალდამცველებს, ასევე, უკრაინის მთავრობას, ძალზედ ხანგრძლივი სამართლებრივი პროცესის წარმატებით დასრულებისთვის! საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულთან ბრძოლის საქმეში ალტერნატივა არ აქვს! ცნობილ სუბიექტს კი წარმატებულ შესახლებას ვუსურვებ სისტემაში, რომელსაც ვერ იცნობს. ქართული ციხე დღეს ადამიანის უფლებების დაცვის შესანიშნავი მაგალითია!“,- ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი  თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირებას.

მეგის ქარდავას ექსტრადირება უკრაინიდან მოხდა. მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ეს პოლიტიკური შეთანხმების აქტია.

ქარდავამ მოუწოდა სახალხო დამცველსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დაიცვან მისი ინტერესები და უსაფრთხოება.

საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ 2013 წლიდან ძებნილი მეგის ქარდავა დამნაშავედაა ცნობილი 5 საქმეზე მათ შორის, „ციხის ბუნტის“, ნავთლუღის სპეცოპერაციის და პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეებზე და ყველა მათგანზე დაუსწრებლად აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლო მეგის ქარდავას წინააღმდეგ 6 საქმეს ჯერ კიდევ განიხილავს.