წითელი ხაზია სამართლიანობა, მეტი არაფერი | კობახიძე

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. „ოცნების“ მხრიდან შეხვედრას ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგი ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ განიხილეს პოლიტიკურ დიალოგთან დაკავშირებული საკითხები და დღეს ოპოზიციასთან გასამართი შეხვედრების შემდეგ „ოცნების“ წარმომადგენლებთან დანიელსონი კიდევ ერთ შეხვედრას გაიმართავს.

„შეთანხმებულები ვართ, რომ არ ვისაუბრებთ დიალოგის დეტალებს. რადგან დისკუსია გრძელდება. უახლოეს საათებში ოპოზიციის წარმომადგენლებთან გაიმართება შეხვედრა და ამის შემდეგ კიდევ ერთხელ განახლდება დიალოგის პროცესი ჩვენი მონაწილეობით. შესაბამისად ეს მიმდინარე პროცესია, რომელიც დღეს უნდა დასრულდეს და ვიდრე არ დასრულდება ვერც ირიბი და ვერც პირდაპირი ფორმით კომენტარს ვერ გავაკეთებ.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, დეტალებზე საღამომდე, პროცესის დასრულებამდე ვერ ისაუბრებს.

„გვაქვს იმედი, რომ ეს პროცესი დასრულდება წარმატებულად. ეს ყველაფერი მხარეებზეც არის დამოკიდებული და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დიალოგი წარმატებით დასრულდეს. შეთანხმება, რომელიც იქნება უნდა იყოს სამართლიანი და ჩვენ ვიხელმძღვანელებთ სამართლიანობის პრინციპით. წითელი ხაზი სამართლიანობაა, მეტი არაფერი.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიატორები შეხვედრას ოპოზიციის წარმომადგენლებთან მართავენ.