ყოფილი მოსამართლე ღარიბაშვილს: მურუსიძე-ჩინჩალაძის მსხვერპლებს რას უპირებთ? 

პუბლიკა

თბილისის სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება – ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა 31 მარტს თქვა, რომ ე.წ კლანის წევრი მოსამართლეები, ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე „წინა ხელისუფლების მსხვერპლები იყვნენ”.

ალავიძე „ფეისბუქზე” წერს, რომ ღარიბაშვილი „თავისნაირებს იცავს”.

„აბა წესიერ ადამიანებთან არასდროს არ იქნება ამ სასაცილო კაცმაცუნას ადგილი. ცოტა ხანში მოგვთხოვს, მურუსიძეს და ჩინჩალაძეს კომპენსაცია გადავუხადოთ და გამაჯანსაღებელი აბაზანები დავუნიშნოთ. კარგი ეს გასაგებია, მაგრამ ამ ადამიანების მსხვერპლებს რას უპირებთ, ბატონო ირაკლი?” – დაწერა ბესარიონ ალავიძემ.

ლევან მურისიძეს და მიხეილ ჩინჩალაძეს საქართველოს 2 სხვა მოსამართლესთან ერთად აშშ-მა სანქციები დაუწესა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება და ე.წ კლანის წევრი მოსამართლეები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან „ვეტინგს” – მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას, რაც ევროკომისიის რეკომენდაციაა და რაც უნდა შესრულდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მიზნისთვის.

ის უნდა შეეხოს არა ყველა მოსამართლეს, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, სასამართლოებისა და კოლეგიების თავმჯდომარეებს, დაახლოებით 60 მოსამართლეს.

თუმცა, „ქართული ოცნების” ხელისუფლებისა და „კლანის მოსამართლეების” მტკიცებით, „ვეტინგი” აბსოლუტურად ყველა მოსამართლეს შეეხება.

24 მარტს მოსამართლეთა 32-ე კონფერენციაზე, რომელსაც 295 მოსამართლე ესწრებოდა, ერთხმად დაუჭირეს მხარი უზენაესი სასამართლოს მიერ რამდენიმე დღით ადრე გავრცელებულ განცხადებას, სწორედ „ვეტინგის“ დაგმობის შესახებ.