„ყველა სკოლა ღია და კორონავირუსისგან უსაფრთხო უნდა იყოს“ - UNICEF და WHO

პუბლიკა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველა სკოლა ღია და კორონავირუსისგან უსაფრთხო უნდა იყოს.

მაშინ, როდესაც  ევროპის რეგიონში, სადაც  ფართოდაა გავრცელებული კორონავირუსის დელტა შტამი, მილიონობით სკოლის მოსწავლე სკოლებს უბრუნდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისი და გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისი სკოლებს მოუწოდებენ, გაიხსნან და შექმნან უსაფრთხო გარემო ვირუსის გავრცელების მინიმიზაციისთვის საჭირო ზომების მიღებით.

მათივე განცხადებით, აღნიშნული ზომები მოიცავს  ვაქცინაციის ეროვნულ გეგმებში, სამიზნე ჯგუფებს შორის მასწავლებლებისა და სკოლის სხვა პერსონალის ჩართვას და მათ ვაქცინაციას მოსახლეობის სხვა დაუცველ ჯგუფებთან ერთად. ამის გარდა, უნდა აიცრან 12 წლის და ზემოთ ასაკის ბავშვები, რომელთა სამედიცინო ისტორია მნიშვნელოვნად ზრდის კოვიდ-19-ის მძიმე ფორმით დაავადების რისკს. ასევე მნიშვნელოვანია სასკოლო გარემოს გაუმჯობესება საკლასო ოთახების უკეთესი განიავების, საჭიროებისამებრ ბავშვების მცირე კლასებად დაყოფის, ფიზიკური დისტანცირების უზრუნველყოფისა და და ბავშვებისა და პერსონალის რეგულარული ტესტირების მეშვეობით.

„პანდემიამ გამოიწვია საგანმანათლებლო პროცესის კატასტროფული შეფერხება, რომელიც ისტორიას არ ახსოვს. შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია  ევროპის რეგიონში შეუფერხებლად გაგრძელდეს სწავლება საკლასო ოთახებში. ბავშვთა განათლების, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სოციალური უნარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, სკოლებმა ხელი შეუწყონ ბავშვებს, ბედნიერები და საზოგადოების პროდუქტიული წევრები იყვნენ“ – განმარტა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა ჰანს ჰენრი კლუგემ.

ვაქცინაციის მასშტაბის გაზრდა „დელტა“ ვარიანტისგან დასაცავად

განცხადების მიხედვით, სწრაფად გავრცელებადმა  „დელტა“ ვარიანტმა  წლევანდელ სასწავლო სეზონს ახალი გამოწვევები გაუჩინა. საზოგადოებაში კორონავირუსის შემთხვევების მატება სკოლაში მისი გავრცელების ალბათობასაც ზრდის. შესაბამისად, ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ვირუსის გავრცელების შემცირებაში.

არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს მწვავე დაავადებისა და სიკვდილის რისკს. ამიტომაც, როცა ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ, ყველა უნდა აიცრას და ჩაიტაროს ვაქცინაციის სრული კურსი.

სკოლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მთელი საზოგადოების პასუხისმგებლობაა

შორენა ხმალაძე ახალციხის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელია, რომელმაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი ჩაიტარა. „ახლა ჩვენი, მასწავლებლების პასუხისმგებლობა განათლების გადაცემასთან ერთად ჩვენი მოსწავლეების ჯანმრთელობის დაცვაც გახდა. სრულფასოვანი და კარგი განათლებისთვის აუცილებელია, რომ საკლასო ოთახებში დაბრუნების არ გვეშინოდეს“, – აღნიშნა მან.

„მჯერა, თითოეული ჩვენგანი იაზრებს ამას და ჩაერთვება ვაქცინაციის პროცესში”, – შორენა ხმალაძე

გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორის მოადგილემ ფილიპე კორიმ თქვა: „პანდემია არ დასრულებულა. ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ, რომ ჩვენს რეგიონში სკოლები გაიხსნას. დაუშვებელია, ბავშვები და მოზარდები დადგნენ იმ რისკის წინაშე, რომ კიდევ ერთი სასწავლო წელი გაუცდეთ. ვაქცინაცია და დამცავი ზომები ერთად დაგვეხმარება, რომ აღარ მოგვიწიოს პანდემიის ბნელ დღეებში დაბრუნება, როცა ადამიანებს ლოკდაუნის, ბავშვებს კი სასწავლო პროცესის შეფერხების ატანა უწევდათ“.

ექსპერტთა რეკომენდაციები

სკოლების ღიაობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდმა და იუნესკომ დაამტკიცეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის ტექნიკური მრჩევლების ჯგუფის მიერ  კოვიდ-19-ის დროს სასკოლო სასწავლო პროცესისთვის შემუშავებული რვა რეკომენდაცია. აღნიშნული რეკომენდაციები განკუთვნილია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონის 53 წევრი ქვეყნისთვის და ითვალისწინებს შემდეგს:

  • სკოლები უნდა იყოს პირველი, რომლებიც გაიხსნება და ბოლო, რომლებიც დაიხურება;
  • შემუშავდეს ტესტირების სტრატეგია;
  • შემუშავდეს რისკის შემცირებისთვის საჭირო ქმედითი ზომები;
  • დაცული იქნას ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობა და სოციალური კეთილდღეობა;
  • დაცული იქნან ყველაზე მოწყვლადი და მარგინალიზებული ბავშვები;
  • გაუმჯობესდეს სასკოლო გარემო;
  • ბავშვები და მოზარდები ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • აქტიურად განხორციელდეს ვაქცინაცია, რათა ბავშვები სკოლებში შევინარჩუნოთ.