„ყველანი მიყვარხართ... უფალს ვთხოვ, რომ მალე თქვენთან ვიყო“ – გახელაძის წერილი ოჯახს

პუბლიკა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ ქვემო ჭალიდან გატაცებული ზაზა გახელაძის წერილი წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციამ ოჯახს დღეს გადასცა.

„როგორ ხარ ირმო, ბავშვები როგორ არიან. დამიკოცნე, უთხარი, მამიკოს უყვარხარ-თქო. დედა, მამა, დათო როგორ არიან? ყველა მომიკითხე. ყველანი მიყვარხართ. უფალს ვთხოვ, რომ მალე თქვენთან ვიყო. მოკითხვა ყველას.

მე [ფეხი]* ჯერ ვერ მომირჩა, მალე მორჩება, ალბათ, და გავივლი. ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება.

ანანო მიყვარხარ;
მარია მიყვარხარ;
ირმას.“ – წერია წერილში.

*როგორც „პუბლიკას“ ზაზა გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა განუმარტა, გახელაძე  დაკავებისას ფეხში დაჭრეს. ბუთხუზის თქმით, მის მეუღლეს დაკავებისას მიყენებული ჭრილობის გამო, ფეხი ისე აქვს დაზიანებული, რომ ვერ დადის.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე 11 ივლისს უკანონოდ დააკავეს.

„უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ფეხის არეში და შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება”, – განაცხადეს უწყებაში.