მკაცრად ვგმობთ ზაზა გახელაძის დაჭრასა და დაკავებას - აშშ-ის მისია ეუთოში

აშშ-ის მუდმივმოქმედი მისია ეუთო-ში გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაჭრასა და მის შემდგომ გატაცებას და რუსეთს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოს მოქალაქის მიმართ ცეცხლის გახსნას და შემდგომ მის დაკავებას და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. აშშ კვლავ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე”, – წერია განცხადებაში.

აშშ კვლავ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და რუსეთს ოკუპაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ქართული მხარის ინიციატივით, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაჭრისა და უკანონო დაკავების თაობაზე იმსჯელეს.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ქეთევან ციხელაშვილმა დელეგაციებს აღნიშნული ინციდენტის თაობაზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ მსგავსი პროვოკაციები იწვევს ვითარების ესკალაციას და ადგილზე არსებული ვითარების დესტაბილიზაციას.

ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ ზაზა გახელაძის შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს უკანონო დაკავებებისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის პრაქტიკის შეწყვეტის აუცილებლობას. მან საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია საოკუპაციო რეჟიმის მიერ ბოლო პერიოდში დაკავებულ კიდევ ორ პირზე – გენადი ბესტაევსა და ხვიჩა მღებრიშვილზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტში სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე 11 ივლისს უკანონოდ დააკავეს.

„უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება”, – განაცხადეს უწყებაში.