ზედმეტად ლიბერალურმა მიდგომამ დაანგრია ქვეყანა, დედის გინება სალაპარაკო ენა გახდა - ინჯია

პუბლიკა

საქართველოს მე-10 მოწვევის დეპუტატი, „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი, ფრიდონ ინჯია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვის დროს სიტყვით გამოვიდა.

„ის, რაც ხდება დღეს ქვეყანაში, ამ ზედმეტმა ლიბერალურმა მიდგომამ დაანგრია ქვეყანა. დედის გინება ჩვეულებრივ სალაპარაკო ენაშია. ეს აბსოლუტურად ყველაზე მოქმედებს, ოჯახზე, ბავშვებზე, განათლებაზე, ყველაფერზე აბსოლუტურად.

მე მიმაჩნია, რომ უფრო უნდა გამკაცრდეს კიდევაც და არავითარი პატიება და რაღაცა. აქ წერია: ერთხელ – 1000 ლარამდე, მეორედ – 2000 ლარამდე. მესამედ თუ გააკეთა, მეოთხედ თუ გააკეთა, როგორ იქნება, კვლავ 2000-2000 ლარი? ჯერ ერთი, ლარი როგორ მიდის, ხედავთ. ხომ არ ჯობდა, ეს მიბმული იყოს საშუალო ხელფასის რაღაც ნაწილზე ან სხვა განზომილება იყოს და არა ლარებში, 2000 ან 1000. ერთ წელიწადში ხომ ხედავთ, როგორ გაუფასურდა ჩვენი ლარი და რა აზრი აქვს ამას?

სამართალდარღვევები, რაც იყო, ხომ ხედავდით, რომ მიდიოდნენ, გადაიხდიდნენ ფულს და პოლიციელი რომ ბრუნდებოდა თავის ადგილზე, იმაზე ადრე ბრუნდებოდნენ ესენი.

მე ვფიქრობ, დიფერენციაცია უნდა, თუ მესამედ და მეოთხედ მოხდა, სისხლის სამართლის საქმეზე უნდა გადავიდეს და 6 თვე და 1 წელი იჯდეს. არ დაიგინო, არ გააფუჭო, არ იხულიგნო და ვსო, დამთავრდა ამით“, – განაცხადა ინჯიამ.

ფრიდონ ინჯიას ტრიბუნიდან კანონპროექტის ავტორმა, ანრი ოხანაშვილმა უპასუხა.

„აქ წერია სამართალდამრღვევის მიერ სახდელდადების ფარგლებში და შემდგომ რა ხდებაო, თქვენი შეკითხვა იყო.

თქვენ წარმოიდგინეთ, აქამდე არ იყო საერთოდ არაფერი, აქამდე იყო ერთი ნაწილი პირველი ჩადენა, მეორეჯერ, მესამეჯერ და მეათეჯერ ექცეოდა ერთი სახდელის ფარგლებში. ჩვენ გთავაზობთ, რომ პირველი ნაწილი იყოს პირველი ჩადენა. მეორე ჩადენა და ყოველი შემდგომი მოექცეს მეორე  ნაწილში, თუმცა იქ იყოს დიფერენცირებული მიდგომა, რომ მოსამართლეს ექნება შესაძლებლობა, მეორეჯერ ჩაიდენს პირი თუ მე-15-ჯერ, ინდივიდუალური შეფასების ფარგლებში სანქცია მისცემს საშუალებას, მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება“, – აცხადებს ის.

პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილება  ორი კანონპროექტი, რომლებიც დაჩქარებული  წესით განიხილება. მათგან ერთი შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებში შესატან ცვლილებებს.

კანონპროექტის თანახმად, საგრძნობლად მკაცრდება სანქცია ორივე მითითებულ მუხლზე, ამასთან, შემცირებულია მოსამართლის როლი – საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსაზღვროს სანქციის ზომა ან გამოიყენოს სიტყვიერი შენიშვნა.