ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ქონებრივი დეკლარაციის შეუვსებლობისთვის 1000 ლარით დააჯარიმეს

პუბლიკა

პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პარლამენტის დეპუტატად არჩევის შემდეგ ქონებრივი დეკლარაციის შეუვსებლობის გამო 1 000 ლარით დააჯარიმეს. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჯაფარიძე წერს, მან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დეპუტატის მანდატის გაუქმება მოითხოვა და თავის დროზე უფლებამოსილება ხელისუფლებამ არ შეუწყვიტა.

ჯაფარიძე წერს, რომ ჯარიმის გადაუხდელობის და დეკლარაციის შეუვსებლობის შემთხვევაში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება, რასაც მისი სადეპუტატო მანდატის შეწყვეტა უნდა მოჰყვეს. თუმცა, ზურაბ ჯაფარიძეს მანდატი უკვე შეწყვეტილი აქვს.

„ჯერ შენ ვინ გეკითხება, პარლამენტში უნდა იყოო. მერე, ოკ, არ გინდა და ნუ გინდაო. მერე, სანამ არ გიშვებდით და ფორმალურად აქ იყავი, იქნებ ფული გააკეთე, დეკლარაცია გვანახეო.

ახლა, რადგან არ გვანახე, 1 000 ლარი გადაიხადე და ისე გვანახე, თორემ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიგცემთო. ამ სისხლის სამართლის საქმის ბოლო – მანდატის გაუქმებაა რომელიც ისედაც აღარ მაქვს.

პ.ს. ლარი არ ამიღია ხელფასი ამ მოწვევის პარლამენტში“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ პირველი ნომერი იყო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სადეპუტატო მანდატი მოიპოვა. თუმცა, სხვა ოპოზიციური პარტიების ნაწილთან ერთად არჩევნების შედეგები გააპროტესტა და პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძეს თავდაპირველად პარლამენტმა მანდატი არ შეუწყვიტა, რის შემდეგაც მან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.  მოგვიანებით, ზურაბ ჯაფარიძემ ხელი მოაწერა შარლ მიშელის შეთანხმებას და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთო. მათ შორის, „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ ფრაქციაში გაწევრდა.

თუმცა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ზურაბ ჯაფარიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პარლამენტს ტოვებს. ამჯერად, 16 ნოემბერს პარლამენტმა მას მანდატი შეუწყვიტა.