ზურაბიშვილი: ეს შეფასება მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენ მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ანგარიშს გამოეხმაურა. როგორც ის ამბობს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით დადებითად აფასებს.

„მისასალმებელია ეს პოზიტიური შეფასება, რომელიც მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ახლო მომავალში ჩვენ მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას, რათა უმოკლეს ვადაში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.

ევროკომისიამ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. 

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ანგარიში რამდენიმე სფეროს ეხება, მათ შორის: მართლმსაჯულებას, შიდა ბაზარს, კონკურენციის პოლიტიკას, მწვანე პოლიტიკას, სოფლის მეურნეობასა და საგარეო ურთიერთობებს.

საქართველოს ხელისუფლებამ 2022 წლის 3 მარტს გააკეთა ქვეყნის ევროპის კავშირში გაწევრების განაცხადი. ამის შემდეგ საქართველომ აპრილში კითხვარის პირველი ნაწილი მიიღო, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილებს ეხებოდა. კითხვარის მეორე ნაწილი კი 2300-მდე კითხვას მოიცავდა დარგობრივ თემებზე და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას ეხებოდა.

ევროკომისიამ დღეს კითხვარის მეორე ნაწილზე ანგარიში გამოაქვეყნა. რომელიც აფასებს ევროკავშირთან საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების ხარისხს და ასევე ჩვენი ქვეყნის მიერ ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის ფარგლებში გატარებული რეფორმების ეფექტიანობას.