1-ლი კლასის მათემატიკის წიგნი, საანგარიშო ჩოთქი და შუბლის ძარღვის იმპლანტი – „სირცხვილიას“ აქცია ცესკოსთან

პუბლიკა

„კომაროველები და ვეკუელები დავითვლით”, „ცეგკო – ცენტრალური გაყალბების კომისია”, „შედეგები გაყალბებულია, გადათვალე”, „ნამეტანი მოგივიდათ” – მოძრაობა „სირცხვილია” ცესკოსთან აქციას მართავს.

აქციის მონაწილეებმა, მათივე თქმით, ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას „საჩუქრები” მიუტანეს: 1-ლი კლასის მათემატიკის წიგნი, ასევე, ჩრდილო კორეის ვიზა, რომელიც არის ეპიტომი იმ ქვეყნის, რისი გამოყვანაც უნდათ საქართველოსგან… სუფთა ფურცელი, სამსახურიდან წასვლის განცხადების დასაწერად, საანგარიშო ჩოთქი.

„ეს არის შუბლის ძარღვის იმპლანტი. დარწმუნებული ვარ, რომ სჭირდება თამარ ჟვანიას ამ არჩევნების ფონზე, რადგან ეს ძარღვი მას გაწყვეტილი აქვს. შეუძლებელია, რომ ჩვენ ვაღიაროთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, ვინაიდან ყველამ ვნახეთ, რა ფორმით გაიმართა ეს არჩევნები, როგორ გააყალბეს ცესკომ და „ქართულმა ოცნებამ” ეს არჩევნები და წაგვართვეს ხმები”, – ამბობს „TV პირველთან” „სირცხვილიას” აქტივისტი ნოდარ რუხაძე.