ეს ჩუქება კი არა, ვალდებულებაა - დავითაშვილი პრემიერის ცოლისთვის ტყის გადაცემაზე

პუბლიკა

„კი არავინ არავის არაფერი არ აჩუქა, ეს ჩუქება კი არ არის, არამედ ეს არის ვალდებულებები მათთვის, რომ ტყეს მოუარონ სათანადო პირობებით“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დაბა ბაკურიანში 5958 კვ/მ ფართობის პრემიერ ღარიბაშვილის ცოლისთვის ნუნუ თამაზაშვილისთვის გადაცემის საკითხზე.

მისი თქმით, აუქციონი ახალი სატყეო კოდექსის საფუძველზე გამოცხადდა და განმარტავს, რომ ახალმა სატყეო კოდექსმა, რომელიც 2020 წელს მიიღეს, ტყის მართვის პრინციპები დაადგინა, რაც გულისხმობს ტყეების მდგრად მართვას და ტყით მრავალფეროვანი, მრავალმხირივი სარგებლობის უფლებას. მისივე თქმით, ტყის გადაცემა აბსოლუტურად ლეგალურად მოხდა.

„თითოეულმა თქვენგანმა, რომლებიც აქ ესწრებით პრესკონფერენაციას, შეგიძლიათ, მიმართოთ ეროვნულ სატყეო სააგენტოს და გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენთვის სასურველი ტყის ობიექტი სათანადო პასუხისმგებლობის ფარგლებში რომ გადმოგცეთ თქვენ, საიჯარო ვალდებულებებით. ანუ კი არავინ არავის არაფერი არ აჩუქა, ეს ჩუქება კი არ არის, არამედ ეს არის ვალდებულებები მათთვის, რომ ტყეს მოუარონ სათანადო პირობებით და ამაში სახელმწიფოს გადაუხადონ თანხა. ყოველ წელს საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა, რომელიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული და აუქციონით დადგინდა, მოიჯარემ უნდა გადაუხადოს სახელმწიფოს“, – განაცხადა მან.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა რაოდენობის თანხა უნდა გადაიხადოს თამაზაშვილმა ყოველწლიურად, მინისტრმა უპასუხა, რომ ეს არის დაახლოებით 5000 ლარი.

„ეს არის წელიწადში 5000 ლარი, რომელიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული და პრივილეგია არ არის. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია იგივე გააკეთოს, თუ მზადა არის იგივე პასუხისმგებლობა იკისროს და ის ვალდებულებები იქნება მოიჯარისთვის განსაზღვრული“, – თქვა მან.

დავითაშვილის განცხადებით, არსებობს მსგავსი 22 საიჯარო ხელშკრულება და არის 100-ზე მეტი განაცხადი, რომელსაც ისინი დააკმაყოფილებენ.

დავითაშვილის განმარტებით, ადამიანებს შეიძლება უნდოდეთ ტყის გადაცემა, რადგან ის შესაძლოა იყოს მათ საცხოვრებელ ან კომერციულ ფართთან ახლოს და სურდეთ, რომ განსაკუთრებით კარგად იყოს მოვლილი.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2021 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეს, ნუნუ თამაზაშვილს დაბა ბაკურიანში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდში შემავალი 5 958 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი სარგებლობაში 49 წლით გადაეცა.

სარგებლობაში გადაცემული 5 958 კვ.მ ტერიტორია ნუნუ თამაზაშვილის საკუთრებაში არსებული 1 530 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს.