12 წლამდე პატიმრობა ემუქრება მძღოლს, რომელიც გორში ავარიის საქმეზე დააკავეს

პუბლიკა

ორშაბათს გორში მომხდარი ავარიის საქმეზე პროკურატურამ მძღოლს ბრალდება წარუდგინა.

ავარიას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალგაზრდა ქალი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, 3 წლის ბავშვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია კი მეორე დილით გავრცელდა.

პროკურატურის განცხადებით, მძღოლს, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, ბრალდება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით წარედგინა.

სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილი (ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.