12 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირისთვის ქარელში კაცი დააკავეს - შსს

პუბლიკა

ქარელის მუნიციპალიტეტში 2011 წელს დაბადებული გოგო „ცოლად შერთვის მიზნით“ კაცმა გაიტაცა და მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.

შსს-ში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ დაკავებულია ერთი პირი, გამოძიება კი მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

განახლება: ბრალდება გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც  გულისხმობს არასრულწლოვნის გაუპატიურებას ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ნოემბერს, ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით სახლში 12 წლის არასრულწლოვანი მიიყვანა, რომელთანაც სქესობრივი კავშირი დაამყარა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 5 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.