161-ე სკოლაში 8 პედაგოგს კორონავირუსი დაუდგინდა და სკოლის ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

პუბლიკა

განათლების მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, 161-ე საჯარო სკოლაში წინასწარი ტესტირების შედეგად, 8 მასწავლებელს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე სკოლის ნაწილი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

„რაც შეეხება 161-ე საჯარო სკოლას, სწორედ წინასწარი ტესტირების საფუძველზე გამოუვლინდათ მასწავლებლებს ვირუსი. ამ შემთხვევაში დროულად მოხდა რეაგირება, სკოლის ადმინისტრაციამ მიმართა ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრს და მათი რეკომენდაციის საფუძველზე სკოლის ნაწილი დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავიდა. ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ ჩვენ და ჯანდაცვის სამინისტროს ადგილობრივი ცენტრები ერთობლივად ვმართავთ იმ სიტუაციას, რომელიც ყოველდღიურად მიმდინარეობს. ამიტომაც არის კარგი, რომ წინასწარი ტესტირების საფუძველზე, როდესაც ინფექცია ვლინდება, დროული რეაგირება ხდება და არ გვიწევს მთლიანად სკოლის დახურვა. არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული საკლასო ოთახები დისტანციურ სწავლებაზე გადადის”, – განაცხადა დგებუაძემ.

როგორც 161-ე სკოლის პედაგოგმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ კორონავირუსი ერთ-ერთ მოსწავლეს პარასკევს დაუდასტურდა, რის შემდეგაც სკოლას უკვე რამდენჯერმე ჩაუტარდა დეზინფექცია, კლასი კი, სადაც ვირუსი დაფიქსირდა, გადავიდა სრულად დისტანციურ სწავლებაზე.

მისივე თქმით, შაბათ-კვირას სკოლის პედაგოგების წინასწარი ტესტირებების შედეგად, რამდენიმე პედაგოგს დაუდასტურდა ვირუსი, ისინი ამჟამად მკურნალობენ, მათი კონტაქტები კი თვითიზოლაციაში არიან.

„ჩვენს სკოლაში 3 000-მდე მოსწავლე სწავლობს და რაოდენობა დადასტურებული შემთხვევებისა ჩვენს სკოლაში, ვფიქრობ, რომ საგანგაშო არ არის და ყველანაირი ზომები მიღებულია, რასაც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან და ჯანდაცვის სამინისტრო გვეუბნება. ყველაფერს ვითვალისწინებთ და მიმდინარეობს როგორც დისტანციურ რეჟიმში სწვავლება, ისე ონლაინ, პერსონალის ჩანაცვლებაც მოხერხდა“, – ამბობს პედაგოგი.