18-მეტრიანი ავტობუსები იანვრის ბოლოდან მოემსახურება თბილისს - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის ცნობით, დეკემბრის ბოლოს 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვა საქართველოში და იანვრის ბოლოდან მოემსახურება თბილისს.

მისი ინფორმაციით, MAN-ის მარკის 160 ავტობუსი, რომელიც მერიამ შეიძინა, თბილისში ეტაპობრივად გამოჩნდება.

მერიის მიერ გავრცელებული რელიზის მიხედვით, ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით.

„ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი.

ტრანსპორტში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.

ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით.

ტრანსპორტში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო-, საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას, ასევე WIFI მოწყობილობას.“

კახა კალაძე მიუნხენში MAN-ის წარმომადგენლებს შეხვდა და თბილისისთვის განკუთვნილი ავტობუსები დაათვალიერა.

„18-მეტრიანი ავტობუსები განტვირთვის და უფრო მეტი მგზავრის გადაყვანის საშუალებას მოგვცემს. ბოლო სამი წლის მანძილზე მთლიანად განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ქალაქს ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები ჰყავს. ბოლო ეტაპი იყო 18-მეტრიანი ავტობუსების შემოიყვანა, რაც მომავლი წლის ბოლოსთვის მთლიანად დასრულდება. წელს, დეკემბერში 50 ერთეული შემოვა საქართველოში და იანვრის ბოლოდან მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“, – ნათქვამია კალაძის კომენტარში, რომელსაც თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

კახა კალაძე ივნისში აცხადებდა, რომ თბილისში ავტობუსების შემოყვანა 2024 წლის პირველ აპრილამდე მოხდებოდა.

ავტობუსების შემოსაყვანად გამოცხადებულ ტენდერში „თეგეტა მოტორსმა“ გაიმარჯვა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 160 ახალი 18-მეტრიანი „ MAN Lion’s City 18C“ მოდელის ავტობუსის ერთეული ფასი 1 618 759 ლარია.