2020 წლის 7 მარტის შემდეგ ინგლისში კორონავირუსით სიკვდილი დღეს პირველად არ დაფიქსირებულა

პუბლიკა

2020 წლის 7 მარტის შემდეგ, დღეს პირველი შემთხვევაა, რომ ინგლისში კორონავირუსით გარდაცვალება არ დაფიქსირდა. უკვე ორი დღეა გარდაცვალების შემთხვევები არ ფიქსირდება შოტლანდიასა და ჩრდილო ირლანდიაშიც.

10 მაისს 4 ადამიანი გარდაიცვალა უელსში. შესაბამისად, გაერთიანებული სამეფოში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები ჯერ კიდევ არის, თუმცა ბრიტანეთში ნულოვან მაჩვენებელს უახლოვდებიან. ამ დრომდე გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით სიკვდილის 120 000-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული.

კორონავირუსის შემთხვევებისა და გარდაცვალების კლებასთან ერთად გაერთიანებულ სამეფოში პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებით, კრონავირუსთან დაკავშირებული განგაშის დონე 4-დან 3-მდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ მართალია ჯერ კიდევ რჩება საყოველთაო გავრცელება, თუმცა გადადების რისკი შემცირებულია.

როგორც BBC წერს, კორონავირუსის შემთხვევების კლებაში გარდამტეხი როლი ვაქცინაციას აქვს. გასული წლის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც ბრიტანელთა იმუნიზაცია დაიწყო, გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებ სრულწლოვან მოქალაქეთა ერთი მესამედი უკვე სრულადაა აცრილი, ორ მესამედს კი ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული.

ყველაზე მაღალი, კოვიდ-განგაშის მე-5 დონე, რომელიც საყოველთაო კარანტინსა და მკაცრ რეგულაციებს მოიცავდა, ბრიტანეთში იანვარში მოხსნეს. ხოლო მეოთხიდან მესამე დონემდე შემცირების შემდეგ, 17 მაისიდან გაერთიანებულ სამეფოში მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლებათ გადაადგილება მთელი დღე-ღამის განმავლობაში, გაიხსნება ბარ-რესტორნების შიდა სივრცეები, გაფართოვდება ღია სივრცეში შეკრებაზე დაწესებული ლიმიტი, გულშემატკივრებს დაუშვებენ საფეხბურთო სტადიონებზე და ა.შ.