2021 წელს ეკონომიკა საშუალოდ 10.6%-ით გაიზარდა - საქსტატი

პუბლიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, წინასწარი შეფასებით, 2021 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.6% შეადგინა, ხოლო 2021 წლის საშუალო რეალური ზრდა 10.6% განისაზღვრა.

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება. კლების ტენდენცია კი დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.