2021 წლის ბიუჯეტის პროექტი | ენმ და „ევროპული საქართველო“ პროექტს მხარს არ უჭერენ

პუბლიკა

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა ფრაქციების ფორმატში დაიწყო.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფრაქციის ფორმატში ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე უარი განაცხადა. ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის თქმით, დოკუმენტი ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ვერ პასუხობს და მის განხილვას აზრი არ აქვს.

„ეს ბიუჯეტი არ იქნება მომავალი წლისთვის. შეიცვლება ხელისუფლება, ახალი ბიუჯეტი იქნება. ის ბიუჯეტი, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკურ სტაბილურობას დაამყარებს.

დღეს განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებთ, რადგან მათი ბიუჯეტი ნახევარფაბრიკატია. მასში ჯანდაცვის ხარჯიც კი არ არის მოცემული.

ნუთუ, პროგნოზი ძნელია, რომ პირველ რიგში საჭირო იყო, ხუთი მილიარდი მოხმარებოდა ჯანდაცვის სფეროს გაძლიერებას და ეკონომიკის ფეხზე დაყენებას. მოგებული დრო იმ პროცესების ალაგმვას უნდა მოხმარებოდა, რომელსაც, სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, როცა ქვეყანაში ლარი ჩამოიშალა და გაიქცა ვირუსი, რეალურად, უკონტროლო ვითარებაა. მის განხილვას არავითარი აზრი არ აქვს“, – განაცხადა გოცირიძემ.

„აბსურდული, თავხედური“, – ასე შეაფასა წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა. აღნიშნული ფრაქცია განხილვაში მონაწილეობს, თუმცა პროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტი აჩვენებს, რომ ხელისუფლება საზოგადოებისთვის არაფრის გაღებას არ აპირებს, „უტიფრად და თავხედურად აგრძელებს ბიუჯეტის ძარცვას“.

„ამ დოკუმენტის განხილვას, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ ბიუჯეტის პროექტი დაარქვა, პრაქტიკულად, შეიძლება აზრიც არ ჰქონდეს, იქიდან გამომდინარე, რომ 3 კვირაში ხელისუფლება იცვლება და სრულიად ახალი ტიპის დოკუმენტს ვიხილავთ კოალიციური მთავრობისგან.

ამ განხილვაში „ევროპული საქართველო“ მონაწილეობს იმისათვის, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ, რამდენად აბსურდული და, მე ვიტყოდი, თავხედური დოკუმენტი წარმოადგინეს. თავხედური იმდენად, რამდენადაც მასში პირდაპირ ჩანს: „ჩვენ არაფრის გაღებას არ ვაპირებთ საზოგადოებისთვის, რომელიც უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისშია, ამას თან ერთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უტიფრად და თავხედურად ბიუჯეტის ძარცვა, ხალხის ფულის ჭამა“ – ეს ჰქვია ამ ბიუჯეტს, სხვა არაფერი“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ოპოზიციის საპასუხოდ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ ბიუჯეტის პროექტში იქნება ასახული ის, რისი შესაძლებლობაც ქვეყანას ექნება როგორც სოციალური, ასევე ჯანდაცვისა და ეკონომიკის მიმართულებით.

„ოპოზიციას აქვს თავისი შეფასებები, თუმცა ვხედავთ, რომ პანდემიამდე ჩვენ გვქონდა საკმაოდ კარგი ეკონომიკური პარამეტრები და ის, რომ რეიტინგი შეგვინარჩუნა წამყვანმა საერთაშორისო საფინანსო – სარეიტინგო კომპანიებმა, არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა. ეს ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკა იმართებოდა სწორად და პოსტპანდემიურ პერიოდშიც ყველაფერს გავაკეთებთ ეკონომიკის სწრაბად აღსადგენად და რეფორმები დასასრულებლად, რაც, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენს ეკონომიკური პოტენციალს.

სამწუხაროდ, ქვეყანას არ აქვს რესურსი, საჯარო მოხელეებისთვის ხელფასები გაზარდოს. საჯარო მოხელეებს აქვს საკმაოდ დაბალი ხელფასი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 2017 წელს, ნომინალურ გამოხატულებაში ემ ხელფასები შემცირდა. როგორც კი ქვეყანას გაუჩნდება საშუალება, რომ საჯარო სექტორში ხელფასი გაიზარდოს, ეს აუცილებლად აისახება ბიუჯეტში“, – განაცხადა კაკაურიძემ.


ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომდევნო წლისთვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაგეგმილია 5%-ით. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, მიმდინარე წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია, რომ იქნება 4%-ზე ქვევით, ხოლო მომდევნო წლიდან ის დაუბრუნდება 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით,  წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, მომდევნო წელს უკვე შემცირებულია დეფიციტის მაჩვენებელი და შეადგენს 5,1%-ს. გაიზარდა ვალის ნიშნულიც, რომელიც მიმდინარე წელს 58% -ს მიუახლოვდა, თუმცა, მომდევნო წელს დაგეგმილია დაახლოებით 56%-მდე შემცირება.

2021 წლის სახელმწიოფო ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები შეადგენს 14 მლრდ 759 მლნ., რაც 3,7 მილიარდით ნაკლებია 2020 წელთანშედარებით.

კაკაურიძის თქმით, საგადასახადო შემოსავლები შეადგენს 10 მლრდ. 450 მლნ. ლარს, სხვა შემოსავლები 550 მლნ ლარს; გრანტები 285 მლნ. ლარს; ფინანსური და არაფინანსური აქტივების კლება შესაბამისად, 150-150 მილიონით არის, ხოლო ვალდებულებების ზრდის მაჩვენებელი შეადგენს 3 მლრდ. 154 მლნ. ლარს. ამავდროულად, ხდება ვალის დაფარვა 2 მლრდ. 640 მლნ. ლარის ოდენობით და შესაბამისად, ჯამში წმინდა ზრდა არის 534 მლნ. ლარი.

მისივე განმარტებით, ხარჯვითი ნაწილი, ჯამში განსაზღვრულია 17 მლრდ. 71 მლნ. ლარის ოდენობით, რაც წლევანდელ ბიუჯეტთან შედარებით დაახლოებით 1 მლდ 150 მლნ ლარის ოდენობითაა გაზრდილი.