22:00-დან დაწესებული შეზღუდვა არ იმოქმედებს II ტურის დღესა და მომდევნო დღეზე | დადგენილება

პუბლიკა

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში 19 ნოემბერს ცვლილება შევიდა.

ცვლილების მიხედვით, 10 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვა არ იმოქმედებს არჩევნების II ტურის გამართვის დღესა და მომდევნო დღეზე.

„დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-2 მუხლის 6​2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვის დღესა და მომდევნო დღეზე.“.

დადგენილება ძალაშია 2020 წლის 22 ნოემბრის 05:00 საათის ჩათვლით.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, დღეს 22:00 საათიდან 22 ნოემბრის 22:00 საათამდე, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდება.

„დღეს და ხვალ – 20-21 ნოემბერს 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდება, – აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ცვლილება მთავრობის შესაბამის დადგენილებაში შევიდა. დაწესებული შეზღუდვა 22 ნოემბრის 22:00 საათიდან ისევ ამოქმედდება.“, – წერია საბჭოს პრესრელიზში.


საქართველოს მთავრობის 9 ნოემბრის დადგენილებით, „საცხოვრებელ ადგილზე მოსახლეობის დარჩენის უზრუნველსაყოფად, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში იკრძალება 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.

ეს შეზღუდვა არ ვრცელდება კონკრეტული მიმართულებით: საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის  სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე, ასევე მიტანის სერვისის კურიერებზე.

ღამის 10 საათის შემდეგ გადაადგილებისთვის ერთჯერადი დროებითი საშვის მიღება 144 – 1-ზე დარეკვის შემთხვევაშია შესაძლებელი.