28 დღე ვმკურნალობდი და სრულიად სხვანაირ ქვეყანაში გამოვედი - გამოჯანმრთელებული პაციენტი

პუბლიკა

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ერთ-ერთი პაციენტი, რომელიც 28 დღის განმავლობაში  პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, საკუთარი გამოცდილების შესახებ Facebook-ზე წერს.

ლილე აბსანძე ჰყვება, როგორ აღმოაჩნდა კორონავირუსი, რა სიმპტომები ჰქონდა და რა გზა გაიარა. ის ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულ 139 პაციენტს შორისაა.

„მგონი უკვე ყველამ იცით, მაგრამ იმ 139 ადამიანიდან, რომლებიც covid-19-ისგან გამოჯანმრთელდა, ერთ-ერთი მე ვარ. 28 დღე ვმკურნალობდი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და იქიდან საერთოდ სხვანაირ ქვეყანაში გამოვედი. მართალია, ძირითადად ყველანი იმაზე ხართ კონცენტრირებული ვირუსისგან თავი როგორ დაიცვათ, სახლში როგორ დარჩეთ და რა თქვა მარინა ეზუგბაიამ ამ დილით, მაგრამ მაინც მოგიყვებით, რა ხდება, როცა კორონა გიდასტურდება და ამ სიგიჟეებს უკვე პალატიდან კითხულობ. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ ტექსტში წერია მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გამოცდილება, წყალგაუვალი სიმართლე ეს არ არის, და რა თქმა უნდა, ყველაზე ნამდვილად არ ვრცელდება. ჩემი ამბავია მარტო.

მე მარტის ბოლოს ერთ-ერთ კლინიკაში ვმკურნალობდი ფილტვების ბაქტერიული ანთებით. საერთო პალატაში შემოიყვანეს პაციენტი, რომელმაც კონტაქტები დამალა (მე ასე ვიცი) და როგორც შემდგომ აღმოჩნდა, კორონავირუსით იყო ავად. 2 დღე ამ ადამიანთან ერთად ვმკურნალობდი პალატაში და შემდეგ სახლში გამწერეს. კიდევ ორი დღის მერე დამირეკა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და გადამიყვანეს კლინიკაში. მეორე დღეს ლუგარის ლაბორატორიამ ამიღო ნაცხი ცხვირიდან და ხახიდან და 6 საათში დამიდასრუტდა კოვიდ-19.

მოსაყოლად ხო ძალიან მარტივია, მაგრამ მგონი ყველაზე ცუდი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. სანამ სასწრაფო მოვიდა, 20 წუთი ყველაფერს განურჩევლად ვჩურთავდი ჩანთებში, თან მეტირებოდა, თან ვიგინებოდი, თან ჩემებს ვუყვიროდი ახლოს არ მოსულიყვნენ და არაფერში დამხმარებოდნენ და თან მარტო იმაზე ვფიქრობდი, რომ რა აზრი აქვს, უკვე ყველას გვჭირს.

არ გვჭირდა ყველას, არავის სჭირდა ჩემ გარდა, მაგრამ ეს არც მაშინ ვიცოდი, არც მომდევნო 14 დღე ვიყავი დარწმუნებული და ბოლომდე ახლაც არ მჯერა. დღესაც, დედაჩემს რომ ველაპარაკები, მარტო იმას ვუსმენ, როგორ სუნთქავს და ხომ არ ახველებს. როგორც მე ვიკონტროლებდი ტემპერატურას ბოქსირებულ პალატაში, ისე ვაკონტოლებდი ოჯახის წევრების ტემპერატურას დისტანციურად და ობსესიურად.

მე საშუალოზე ოდნავ მძიმე პნევმონია მქონდა, პლაქვენილიც ვსვი (კანფეტი ნამდვილად არ არის) და ხანდახან ჟანგბადსაც ვიშველიებდი სუნთქვისას. ჩემს შემთხვევაში, ხველა გვიან დაიწყო და არც ისე ძლიერი იყო, არც ტემპერატურა მქონია ძალიან მაღალი. ძირითადი სიმპტომები იყო ვერტიგო, გულის ტკივილი, გულმკერდის არეში ზეწოლა, თავის ტკივილი, დაბალი წნევა, დაბალი სიცხე და იშვიათად სუნთქვის გაძნელება. აქვე კიდევ ერთხელ დავწერ, რომ ვირუსი ძალიან ინდივიდუალურად უდგება ყველას და თუ თავბრუსხვევა იგრძენით, არ არის აუცილებელი კორონა გჭირდეთ მაინცდამაინც.
პალატებს აქვს ძალიან თხელი კედლები და პაციენტების ხველება თავისუფლად გესმის, როგორ ელაპარაკებიან ახლობლებს, ეგეც გესმის, როგორ ხდებიან უარესად, როგორ გადაჰყავთ რეანიმაციაში ან როგორ წერენ სახლში.

მიუხედავად იმისა, რომ ვინც მივლიდა თითქმის ვერავის ვცნობ სახეზე, დიდი, სულისშემხუთავი ეკიპირების გამო, უუუღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ექთნებს, დამხმარეებს, სანიტრებს და მარინა ექიმს. მთელი ეს პანდემია ყველაზე მეტად მათ აწვება. ჩემხელა და ჩემზე პატარა სტუდენტები ყოველდღე მორიგეობენ და ეკიპირებაში იოფლებიან, არც სძინავთ წესიერად და ისინიც იზოლირებული არიან ოჯახებისგან.

თუ ვინმეს დაგიდასტურდათ ვირუსი, შეგიძლიათ მომწეროთ, დამირეკოთ და 24/7-ზე მომიყვეთ, რა ხდება თქვენს თავს, რისი გეშინიათ, რა გაიმედებთ, რომელი ანალიზი რამხელა დისკომფოტს იწვევს და ა.შ. ძალიან გამიხარდება ვინმესთვის პატარ-პატარა სასარგებლო გამოცდილებების გაზიარებების საშუალება თუ მექნება. მე პირადად სულ ვეძებდი ეგეთ ადამიანს”, – წერს ლილე აბსანძე.