7 ივლისს შუქრუთელ გიორგი ნეფარიძეს მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე 1 წელი და 6 თვე მიესაჯა.
მას ბრალად მაღაროს დირექტორზე თავდასხმის საქმის განმხილველი მოსამართლის, თამარ მაზანაშვილის შეურაცხყოფა ედებოდა.
აღსანიშნავია, რომ ნეფარიძე უკვე იხდის 6 წელსა და 3 თვეს მაღაროს დირექტორზე თავდასხმის საქმეზე.
როგორც ნეფარიძის ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი „პუბლიკას“ ეუბნება, მოსამართლემ წელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთის განაჩენი გამოაცხადა, თუმცა სიტყვიერად არ განუმარტავს, ორი სასჯელის გათვალისწინებით საბოლოოდ რა სასჯელი განესაზღვრა გიორგი ნეფარიძეს.
მისთვის უცნობია, ახალი სასჯელი უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა თუ წელიწად-ნახევარი უკვე მისჯილ 6 წელსა და 3 თვეს დაემატა. ადვოკატი დასაბუთებული განაჩენის ჩაბარებას ელოდება.
„განმარტება უნდა გაეკეთებინა აუცილებლად. ყველა მოსამართლე განაჩენის გამოცხადებისას მსგავს სიტუაციებში განმარტებას აკეთებს, საბოლოოდ რამდენი განესაზღვრა. თუ არ გააკეთა განმარტება, იმედია, განაჩენში გააკეთებს.
წელიწად-ნახევარი მიესაჯა, თუმცა განმარტება მოსამართლეს არ გაუკეთებია, გამოაცხადა და დატოვა სხდომის დარბაზში და ჩვენც ამ კუთხით დაბნეულები ვართ, შეკრებითობა იქნა გამოყენებული თუ არ იქნა, ეს ჩვენთვის უცნობია ამ ეტაპზე“, – თქვა მან.
2026 წლის 20 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მაზანაშვილმა ჭიათურელები დამნაშავედ ცნო და გიორგი ნეფარიძესა და მერაბ სარალიძეს 6 წელი და 3 თვე, ხოლო არჩილ ჭუმბურიძესა და თენგიზ გველესიანს 4 წელი და 3 თვე მიუსაჯა.
ჭიათურის პროტესტის მონაწილეები 2025 წლის 28 აპრილს შუქრუთის მაღაროს დირექტორთან მომხდარ ინციდენტზე დააკავეს.
სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ნეფარიძის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე დაიწყეს.
მაღაროს დირექტორზე თავდასხმის საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავს.