3 ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კარანტინში 150 ადამიანია - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნისშიდა და გლობალურ სიტუაციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„თებერვლის დასაწყისიდან ჩვენთან დაფიქსირებული იყო 217 შესაძლო შემთხვევა, რომლებიც იყვნენ და არიან კვლევის და დაკვირვების ფაზაში. აქედან დღევანდელი რიცხვით ფიქსირდება მხოლოდ 3 დადებითი შემთხვევა. ბოლო 2 დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა.

სამივე პაციენტი, რომლებიც მოთავსებული არიან ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, თავს კარგად გრძნობენ. მხოლოდ ერთთან არის მცირე სიმპტომები, მაგრამ ზოგადი კლინიკური მდგომარეობა სამივე პაციენტის გახლავთ დამაკმაყოფილებელი. დღეს კარანტინში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 150 ადამიანი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ შესაძლო კლინიკური სიმპტომების მქონე პაციენტებზეც ისაუბრა:

„შესაძლო კლინიკური სიმპტომებით ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში 29, სეფსისის ცენტრში 5, ხოლო ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 7 პაციენტია მოთავსებული… დღეს დილიდან „ლუგარის ცენტრში“ გამოსაკვლევად შესული იყო 23 ნიმუში. ყველა ეს ნიმუში გახლავთ უარყოფითი. ამჟამად კიდევ შესულია 6 ნიმუში, რომელთა კვლევაც ახლა მიმდინარეობს“.

გამყრელიძემ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, გლობალურ სიტუაციაზეც ისაუბრა:

„გლობალურად რომ შევაჯამოთ სიტუაცია, ჩინეთში მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეპიდსიტუაცია უარესდება ჩინეთის გარეთ. დღეისთვის ჩინეთის გარეთ დაფიქსირებულია 12 000 დადასტურებული შემთხვევა.

ყველაზე სწრაფი ტემპით ახალი შემთხვევების გამოვლენა მიმდინარეობს სამხრეთ კორეაში, ირანმა გადაასწრო იტალიას შემთხვევების კუმულაციური რაოდენობით და ასევე საგანგაშო ვითარებაა ამ მხრივ იტალიაში. ასევე იმატებს შემთხვევების რაოდენობა საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში“.

გამყრელიძის განცხადებით საქართველომ საზღვრებზე პრევენციული ღონისძიებები კიდევ უფრო გააძლიერა.

„ჩვენთან პრევენციული ღონისძიებები კიდევ უფრო მეტად არის გაძლიერებული საზღვრებზე. მიმდინარეობს მონიტორინგი განსაკუთრებით მაღალდასენიანებული ქვეყნებიდან შემოსულ პირებზე. მათ ეძლევათ თვითიზოლაციის რეკომენდაცია. დღეის მდგომარეობით დაახლოებით 300 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში და მათზე მიმდინარეობს მონიტორინგი“, – განაცხადა გამყრელიძემ.