30 ახალ შემთხვევაში ინფიცირების წყარო ყველგან დადგენილი არ არის – ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის დადასტურებული 30 შემთხვევის წყარო და კონტაქტები, ჯერჯერობით, ბოლომდე ცნობილი არ არის. მიმდინარეობს მათი კვლევა და კონტაქტების გამოვლენა.

„ამ 30 პაციენტის კვლევა მიდის დაწვრილებით, განსაკუთრებული ღრმა ჩაძიებით. ალბათ, ნელ-ნელა დადგინდება. იმედი მაქვს, რომ, როგორც ყველა თქვენთვის ცნობილი კლასტერის შემთხვევაში მოხდა გარკვეულწილად შეჩერება და ლოკალიზაცია, თუ ეს 30 შემთხვევა სცილდება ამ ძველ კლასტერებს, ახალი კლასტერის დადგენის შემთხვევაშიც გარკვეულწილად „შემოვღობავთ“ და არ მივცემთ საშუალებას, რომ გავრცელდეს და ამ გავრცელებამ დაუძლეველი, უკონტროლო ხასიათი მიიღოს.

უნდა გაგრძელდეს ახალი შემთხვევების ზომიერი, კონტროლირებადი მატება. 30 არ არის საგანგაშო მაჩვენებელი, ჩვენ უკვე მეორედ გვაქვს 30, მაგრამ მათ შორისაც გვქონდა მცირე რაოდენობა. თუ ჩვენ ასეულს არ გადავაჭარბეთ, ამ ზომიერი მატების შემთხვევაში ქვეყანაში რყევები არ გვექნება“, – თქვა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 37 პაციენტი მკურნალობს. აქედან ორი მძიმე, პრობლემური პაციენტია, 7-ს კი მძიმე პნევმონია აქვს. თუმცა ძალიან მძიმე პაციენტების მდგომარეობა ბოლო დღეებია სტაბილურია და სავარაუდოდ, მათაც ძალიან მძიმედან მძიმე პაციენტების რიგში გადაიყვანენ.

რაც შეეხება ინფექციურში მოთავსებულ არასრულწლოვნებს, ეზუგბაიას თქმით, როგორც 9 თვის ბავშვის, ისე მოზარდების მდგომარეობა სტაბილურია და ყველა ასპექტის შეჯერებით, მათი მდგომარეობა მსუბუქია. ინფექციურში მოთავსებულ რამდენიმე პაციენტს კი დღეს კორონავირუსზე ჩაუტარდება ანალიზი, მათი პირველი ტესტი უარყოფითი იყო და თუკი განმეორებითი ტესტიც იმავე პასუხს აჩვენებს, დღეს კიდევ რამდენიმე გამოჯანმრთელებულს გაწერენ.