31 წლის ქალს თანმხლები დაავადება ან მდგომარეობის დამძიმების სხვა მიზეზი არ ჰქონია, გავაკეთებთ ჩაღრმავებულ ანალიზს – გაბუნია

პუბლიკა

აუდიტის ჯგუფი და რეგულირების სააგენტო სწავლობს გარდაცვალების ყველა და საყურადღებო შემთხვევას – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ 31 წლის ქალის გარდაცვალებაზე საუბრისას.

გუშინ, 3 დეკემბერს, ბათუმში კორონავირუსით გარდაიცვალა ქალი, რომელმაც 25 ნოემბერს შვილი გააჩინა. ექიმის ინფორმაციით, ქალს ფილტვის მძიმე დაზიანება ჰქონდა. გარდაცვლილის ოჯახი ბათუმის სამშობიარო სახლს ადანაშაულებს.

„ის ინფორმაცია, რომელიც დღეს კლინიკიდან გვაქვს, მიუთითებს, რომ ეტაპები, რომელიც გაიარა პაციენტმა, იყო ის ეტაპები, რაც რეალურად პროტოკოლითაა გათვალისწინებული.

უფრო ჩაღრმავებულ ანალიზს, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ. გარდაცვალება უკავშირდება ფილტვის მძიმე დაზიანებას. კონკრეტულ შემთხვევაში ქალს თანმხლები დაავადებები ან რამე  სხვა მიზეზი, რასაც შეიძლებოდა, გამოეწვია მდგომარეობის გართულება, არ უფიქსირდება. ამ შემთხვევის მეტად ღრმა ანალიზი ჩატარდება“, – განაცხადა გაბუნიამ.