„ოცნება“ რუსული კანონის ნაცვლად ახალი კანონის მიღებას აპირებს. მამუკა მდინარაძის თქმით, ახალი კანონის იქნება ამერიკული FARA-ს ზუსტი ანალოგი – „რასაც შეეხება ამერიკული კანონი, იგივე იქნება დაკოპირებული და დაინიცირებული”.
პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ შარშან მიღებულ კანონში ბევრი ორგანიზაცია არ დარეგისტრირდა, ამიტომ მიიღებენ ახალ კანონს, მისი თქმით, ამერიკაში დღეს მოქმედი კანონის ზუსტ ანალოგს და აამოქმედებენ მას.
მდინარაძე ამბობს, რომ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ რუსული კანონი, შარშან მიღებული, გაუქმდება.
„შარშან პარლამენტმა მიიღო FARA-ს მსუბუქი ვერსია, რომელიც ჯერ სრულფასოვნად არც აგვიმოქმედებია, თუმცა იცით, რომ მიუხედავად მისი ძალაში შესვლისა, რეესტრში რეგისტრაციაც არ გაუვლია რამდენიმე ათეულ ყველაზე მდიდარ და გარე დაფინანსების მიმღებ ყველაზე მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამიტომ მის ნაცვლად მივიღებთ ახალ ამერიკულ კანონს, მისი მოქმედი რედაქციის პირდაპირ ასლს და უზრუნველვყოფთ მის სრულფასოვან ამოქმედებას.
პარალელურად მთავრობა შექმნის ფონდს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივების დასაფინანსებლად, რისთვისაც ცვლილებები შევა გრანტების შესახებ კანონში.
ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ, უზრუნველყონ არა უცხოური, არამედ ქართველი ხალხის გავლენების გატარება საქართველოში, შეეძლებათ, მიიღონ საგრანტო დაფინანსება მთავრობისგან.
პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რაც უფრო მეტი იქნება წნეხი, შანტაჟი, ზეწოლა და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის, არეულობის, ქაოსის მცდელობები, მით უფრო მკაცრი იქნება რეაგირება და გაგრძელდება მათ შორის როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური რეაგირებები, რომ მოხდეს ამ ყველაფრის პრევენცია“, – განაცხადა მდინარაძემ.
მან თქვა, რომ დეტალებზე საუბარს არ აპირებს და დაინტერესებულ პირებს ამერიკული კანონის წაკითხვისკენ მიუთითა.