პაპუაშვილის ვიზიტი ბრიტანეთში | აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სექტორში თანამშრომლობის გაღრმავება

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარეს, ლინდსი ჰოილს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

“პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე მეგობრობას, სტრატეგიულ პარტნიორობასა და აქტიურ ორმხრივ დიალოგს.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობა საპარლამენტო, ეკონომიკის  და სხვა მიმართულებებით.

აღინიშნა, რომ რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკისა და მისგან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სექტორში თანამშრომლობის გაღრმავება.

ამასთანავე, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე და მადლიერება გამოხატა დიდი ბრიტანეთის მიერ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მხარდაჭერისთვის.

ლინდსი ჰოილმა დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და, აგრეთვე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.” – ვკითხულობთ საკანონმდებლო ორგანოს მიერ გავრცელებულ რელიზში.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.