5 ახალი შემთხვევა დაკავშირებულია აშშ-სთან და იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში - ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაია თქმით, დღეს გამოვლენილი 5 ახალი შემთხვევა ლაბორატორიული კვლევით ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურდა. ხუთივე შემთხვევა დაკავშირებულია აშშ-სთან და ისინი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში. მისივე თქმით, დღეს ინფექციურ საავადმყოფოში მე-9 ავადმყოფობის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

“ქვეყანაში ამ ეტაპზე 66 დადასტურებული შემთხვევაა. ამ შემთხვევებიდან 40 ჩვენს ცენტრში დადასტურებული შემთხვევაა. 40-დან  5 ახალი შემთხვევა გუშინ დადასტურდა ჩვენთან. 40 დადასტურებულიდან 8 არის გამოჯანმართელებულია. დღეს კიდე ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს ცენტრს და გვეყოლება 9 გამოჯანმრთელებული”, – განაცხადა ეზუგბაიამ. მისივე თქმით, ხუთი ახალი შემთხვევა აშშ-სთან არის დაკავშირებული და ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

“ეს 5 სხვადასხვა დროს ჩამოსული არიან და იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში. როგროც კი გამოვლინდა დაავადება, მაშინვე მოგვაკითხეს დღის სხვადასხვა პერიოდში. გუშინ 24 საათის განმავლობაში 16-ს ჩაუტარდა ტესტირება და 5-ს დაუდასტურდა. დღეს დილას 7 პაციენტზე ავიღეთ ტესტი”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 66 დადასტურებული შემთხვევაა.