8 ნოემბერს ოპოზიციამ „გრანდიოზული აქცია-მსვლელობა“ დააანონსა

პუბლიკა

რუსთაველზე, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ მომდევნო კვირას, 8 ნოემბერს მასობრივი საპროტესტო გამოსვლა დააანონსა.

„აქედან ერთი კვირის თავზე, ზუტად კვირას, 15:00-ზე, ჩვენ ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია, სამოქალაქო საზოგადოება და მთლიანად ქართული საზოგადოება ვგეგმავთ გრანდიოზულ აქცია-მსვლელობას, რომ კიდევ ერთხელ ყველაზე მაგრად დავანახოთ, ვინ არის საქართველო.

მანამდე, ამ ერთი კვირის განმავლობაში, უნდა დავიაროთ, გავამხნევოთ ხალხი, რომელიც გუშინ შოკში იყო, რომელიც უყურებდა გამარჯვებას და ხელიდან გამოსტაცეს გამარჯვება.

ჩვენ უნდა ვანახოთ ძალა, იმიტომ, რომ თაღლითს მხოლოდ ძალა ესმის და ხალხმა უნდა დავანახოთ ეს ძალა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის წინ სხვადასხვა პარტიის ასობით მხარდამჭერია შეკრებილი.

„ეს არ იყო არჩევნები. ეს იყო ომი და ეს ომი ჩვენ არ წაგვიგია“, – ამ განცხადებით მოუწოდა გუშინ, 31 ოქტომბერს, გვიან ღამით, ნიკა მელიამ ამომრჩეველს, პარლამენტის წინ შეკრებილიყო.


ოპოზიციური პარტიები უნდობლობას უცხადებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მის ლეგიტიმურობას არ ცნობენ. ისინი ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბების პირობებში ჩატარდა. მათი ნაწილის თქმით, პარლამენტის ბოიკოტი არის ერთ-ერთი ვერსია, რომელიც განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ოპოზიცია კონსულტაციების შედეგად მიიღებს.

„ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით კი, არჩევნები დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარდა. „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ოპოზიციის „დესტრუქციული ნაწილის“ დაანონსებული აქციების მიზანია, ჩრდილი მიაყენოს საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებს. ის მოუწოდებს ოპოზიციას, პატივი სცეს მოქალაქეების გადაწყვეტილებასა და ცესკოს ოფიციალურ შედეგებს.

ფოტო: პუბლიკა/publika – ალექსანდრე ქეშელაშვილი