8 ნოემბრის აქციაზე გამოყენებული საპოლიციო ძალა უკანონო და არაპროპორციული იყო - საია

პუბლიკა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, 8 ნოემბერს ცესკოსთან გამართულ აქციაზე  გამოყენებული საპოლიციო ძალა უკანონო და არაპროპორციული იყო. მათივე შეფასებით, პოლიციის მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებები არ იყო კანონის შესაბამისი, პროპორციულად შემზღუდველი და აუცილებელი.

ორგანიზაციის შეფასებით, შსს სამინისტრომ ვერ უზრუნველყო შესაბამისი ზომების მიღება, რათა მაქსიმალურად აეცილებინა თავიდან იმ დემონსტრანტების დაშლა და დაზიანება, რომლებიც არ იყვნენ ძალადობრივ ქმედებებში ჩართულნი. მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება არალეგიტიმური იყო.

„აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებისას დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები, ასევე, დაზიანდა მათი ტექნიკა. პოლიციამ არ დაიცვა კანონით მისთვის დადგენილი ვალდებულება,[16] ხელი არ შეუშალონ პროფესიულ საქმიანობაში მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე ჟურნალისტებს, რომლებიც აშუქებენ შეკრებას ან მანიფესტაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

საია მოუწოდებს:

შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს:

– დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება აქციის მონაწილეების ჯანმრთელობის დაზიანების და მედიის წარმომადგენლებისთვის პროფესიულ საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებზე;

– უზრუნველყოს გამოძიების წარმართვა ეფექტიანად და გონივრულ ვადაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს:

– აქციებზე უზრუნველყოს მანიფესტაციის უფლებით მშვიდობიან გარემოში სარგებლობის შესაძლებლობა და არ დაუშვას ძალის არალეგიტიმური და არაპროპორციული გამოყენება;

– დემონსტრაციების მიმდინარეობისას უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება და მათ მიერ საქმიანობის თავისუფლად და შეუფერხებლად განხორციელება.

ხელისუფლებას და პოლიტიკურ ორგანიზაციებს:

– გააცნობიერონ პროცესების მშვიდობიან ფორმატში წარმართვის აუცილებლობა და გადადგან ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ.