საერთოდ არ ვიცი, დუგინი თუ არის კრემლის მთავარი იდეოლოგი. ვასაძეს ვაფასებ - კაჭარავა

პუბლიკა

მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებელ ლევან ვასაძისა და „ევრაზიული მოძრაობის“ დამფუძნებელისა და რუსეთის ექსპანსიური პოლიტიკის იდეოლოგად მიჩნეულ ალექსანდრ დუგინის შეხვედრას შეფასებები მოჰყვა თბილისში, საკანონმდებლო ორგანოში.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა ტელეკომპანია „მთავარ არხს“ ეუბნება, რომ არ იცის, არის თუ არა დუგინი კრემლის მთავარი იდეოლოგი, ხოლო ლევან ვასაძეს, როგორც ადამიანს, აფასებს და პატივს სცემს.

„არ მინახავს მათი შეხვედრა, არც გამიგია. საერთოდ არ ვიცი, დუგინი თუ არის კრემლის მთავარი იდეოლოგი, მაგრამ ვასაძეს ბევრი კონტაქტი აქვს რუსეთში, ის მოღვაწეობდა რუსეთში, მას უნდა ჰკითხოთ, რა სახის შეხვედრა იყო, რაზე შეხვდნენ“, – განაცხადა მან.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ვასაძის პოლიტიკური ფიგურა რამდენად მისაღებია, კაჭარავა პასუხობს:

„ლევანი არის გამოცდილი ადამიანი, ცხოვრებაში ბევრი რამ გაუვლია, წარმატებული ბიზნესმენი, მას პირადადაც ვიცნობ და ჩვენ არ გვისაუბრია მის პოლიტიკურ შეხედულებებზე ასე რომ, როგორც ადამიანს, ვაფასებ და პატივს ვცემ, დანარჩენი პოლიტიკური შეხედულებები არ ვიცი მისი“, – განაცხადა მან.


„მთავარი არხის“ ინფორმაციით, დღეს, 26 მაისს ჰომოფობიური, ქსენოფობიური, ულტრანაციონალისტური განწყობებითა და სექსისტური გამონათქვამებით ცნობილი ბიზნესმენი, ლევან ვასაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“ დააფუძნა, მოსკოვში „ევრაზიული მოძრაობის“ დამფუძნებელსა და რუსეთის ექსპანსიური პოლიტიკის იდეოლოგად მიჩნეულ ალექსანდრ დუგინს ხვდება

არხის ცნობით, ინფორმაციას იმ კაფეს ადმინისტრაციაშიც ადასტურებენ.

„შეხვედრა ჰქონდა თუ არა – არ ვიცი. ქვეყნიდან რომ წავიდა, კი ბატონო, გიდასტურებთ, მაგრამ სად და რა მიმართულებით წავიდა, არ ვიცი. დღეს რანაირად შეხვდებოდა ლევანი დუგინს, დღეს ფიზიკურად არანაირად… რამდენიმე საათის წინ წავიდა, არ ვიცი მოსკოვში წავიდა თუ სად წავიდა“, – ამბობს საზოგადოებრივი მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ წარმომადგენელი კონსტანტინე მორგოშია „მთავარ არხთან“.