არ შემიძლია, არ აღვნიშნო ბატონი ბიძინას დიდი როლი, ის თავად იყო ემიგრაციაში და სულ რაღაც 20 წლის წინ დაბრუნდა - ღარიბაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ონლაინფორუმზე – „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ განაცხადა, რომ ძლიერი დიასპორა საერთო ამოცანა უნდა იყოს.

მან სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ არ შეუძლია, არ აღნიშნოს ივანიშვილის წვლილი და დამსახურება, რადგან ის თავად იყო დიასპორის წრამომადგენელი და შემდეგ დაბრუნდა საქართველოში.

„მე არ შემიძლია, არ აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი და დამსახურება, რომელიც ასევე იყო დიასპორის წარმომადგენელი, ასევე იყო ემიგრაციაში მრავალი წლის განმავლობაში და შემდეგ, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ იგი დაბრუნდა, სულ რაღაც, 20 წლის წინ საქართველოში და უდიდესი როლი შეასრულა, უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ეს კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს ძალიან დიდი გულისხმიერებითა და გულწრფელობით“, –  განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის სიტყვას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულის რეპუტაცია ქვეყნის უდიდესი კაპიტალია.