„ეს ფაქტორი არავითარ გავლენას არ მოახდენს ჩვენს შედეგზე" - „ქართული ოცნების“ წევრები გახარიაზე

პუბლიკა

„ეს პოლიტიკური პარტია, რომელიც ახლა უნდა შეიქმნას, არანაირად არ გახლავთ „ქართული ოცნების“ მოკავშირე, მონათესავე ან რაიმე პროექტის ნაწილი, როგორც ამაზე ჩვენი ოპონენტები და ოპონენტების მართული ტელევიზიები ინსინუაციების შექმნას ცდილობენ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებშიც დამაჯერებლად გაიმარჯვებს. რაც შეეხება გიორგი გახარიას, თუ რა პერსპექტივა აქვს მის პარტიას, „ამაზე თვითონ უნდა ისაუბროს. წინასწარ რაიმე შეფასებები მის პერსპექტივებზე, მგონი, არ იქნება ეს სწორი“.

გახარიას პარტიის დაფუძნებას ასევე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი. როგორც ის აცხადებს, მას ადვილი გზა არ ექნება პოლიტიკაში და თანამდებობის დატოვებისას მაღალი რეიტინგი არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად ექნება რეიტინგი დაბრუნებისას.

„წარმატებისთვის მას მოუწევს ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა და ძალიან დიდი შრომა. ამისთვის მას უნდა ჰყავდეს ასევე რეიტინგული და მაღალკვალიფიციური გუნდი, რასაც მე, ჯერჯერობით, მის გარშემო ვერ ვხედავ. არ მგონია, რომ მომავალ ოქტომბერში, იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც გაიმართება, ვინმე შეძლებს ჩვენს ბეჭებზე დაცემას“, – ამბობს წულუკიანი.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით კი, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება გავლენას არ მოახდენს მათი, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შედეგზე. კობახიძის თქმით, გახარიას რეიტინგი დაკავშირებული იყო მმართველ ძალასთან.

„ეს ფაქტორი არავითარ გავლენას არ მოახდენს ჩვენს საარჩევნო შედეგზე. ბევრი რამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ შექმნილიყო ეს რეიტინგი. ალბათ, სხვებიც აკეთებდნენ ამას. საბოლოო ჯამში ეს რეიტინგი არსებითად დაკავშირებული იყო მმართველ ძალასთან. ის იყო პრემიერ-მინისტრი „ქართულ ოცნებაში“ და, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეს ფაქტორი არსებითად განსაზღვრავდა მის რეიტინგს. ახლა შეგვიძლია, ეს რეიტინგები გადავამოწმოთ და ვნახოთ, რა არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ხვალ პარტიას დააფუძნებს, – ინფორმაციას ამის შესახებ მისი პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოსთვის“ – პრესსამსახურის ცნობით, ეს იქნება ახალი პარტიის სახელი.

დამფუძნებელი კონფერენცია ხვალ, 29 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება.