ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ რადგან დაფინანსების საკითხი გახდა განხილვის საკითხი, მათ დაიქირავეს აუდიტი და მალე მოძრაობის დაფინანსების შესახებ ინფორმაცია იქნება გამჭვირვალე.
„მინდა ვთქვა, დაფინანსებასთან დაკავშირებით, რაც არის აგორებული, ასე ვთქვათ, შავი პიარკამპანია ჩვენი მისამართით. იცით, რომ დაფინანსების პროცესში ჩვენი ემიგრაცია არის ჩართული და ძირითადად მოდის მათგან დაფინანსება. ჩვენი საზოგადოება, მათ შორის ვინც აქ ვდგავართ, აქტიურ მონაწილეობას, ყველანაირი სახის მონაწილეობას ვიღებთ პროცესში, ფინანსურს, ფიზიკურს, მორალურს, რაც არის უნიკალური შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. პირადად მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც ასე გულმხურვალედ მონაწილეობს ამაში. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ დარჩეს სპეკულაციის საგნად ფინანსების საკითხი, დავიქირავეთ აუდიტი, რომელიც ხარჯებს ყველაფერს დააბალანსებს, რა მოვალეობაც ეკისრება, შეასრულებს და შემდეგ გამოქვეყნდება ეს ყველაფერი ჩვენს ფეისბუქგვერდზე. ამიტომ ამასთან დაკავშირებით რა კითხვაც არსებობს, გამჭვირვალედ გაეცემა პასუხი“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მათი ინფორმაციით, მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ და მათი მხარდამჭერები დიდი ფულით არის დაფინანსებულები და კომერციული და პოლიტიკური ინტერესები იკვეთება.
მან ასევე თქვა, რომ თუ აქციის ორგანიზატორები საზოგადოებას დაფინანსებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ მიაწვდიან, ამას თვითონ გააკეთებენ.